სტატიები

კახეთის ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგული კამპანია იწყება

 მალხაზ ჭრელაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის მიხედვით რეგიონების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ქვეყნებში გაიმართება. მისივე განმარტებით, პროექტის მიზანია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე კახეთის რეგიონების ცნობადობის ამაღლება. 
“მსოფლიო ბანკის ეგიდით კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ექნება ფუნქციონალური დატვირთვა, გახდეს რეგიონში ისეთი სტრუქტურა, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგიაში არიან ნაწილი, რომელიც მოიცავს რეგიონებში ტურიზმის პოპულარიზაციას, რეგიონების პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვიმუშავებთ. ამ პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკი გამოყოფს ძალიან დიდ თანხას. დაგეგმილია სხვადასხვა საიმიჯო კლიპის, ბუკლეტების დამზადება კახეთზე. ეს კლიპები განთავსდება სხვადასხვა ქვეყანაში”, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ ჭრელაშვილმა. 
ის, ასევე, ყურადღებას ამახვილებს თუშეთის განვითარების მნიშვნელობაზე. მალხაზ ჭრელაშვილი აღნიშნავს, რომ მაღალმთიან დასახლებაში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების მიზნით იგეგმება სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის განხორციელება. 
“თუშეთის განვითარებაზე იმუშავებს ცალკე ჯგუფი და განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. თუშეთის თემა იმდენად აქტუალურია, რომ არა მარტო ჩვენთან, არამედ უცხოეთის დონორ ორგანიზაციებში, რომლებიც აპირებენ რომ დააფინანსონ მიზნობრივი ტურისტული პროექტები”,- აღნიშნავს ჭრელაშვილი. 
მალხაზ ჭრელაშვილი, ასევე, საუბრობს კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს როლზე, რომელმაც მუშაობა განაახლა. ჭრელაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის მიმართულებით გარდა, სააგენტო იმუშავებს რეგონის ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე. რეგიონული განვითარების სააგენტოს შემადგენლობაში შედიან კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის მერები და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. 
“კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტომ, რომელიც არის აიპი ორგანიზაცია, მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ განაახლა. მის შემადგენლობაში შედიან რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერები. სააგენტოს ჰყავს გამგეობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ წარმოვადგინოთ ის პროგრამა და გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ 2018 წელს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელებას, კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს გამგეობა იმსჯელებს, რომელ თვითმმართველ ერთეულში რა პროექტის განხორციელება იქნება საჭირო”, – ამბობს მალხაზ ჭრელაშვილი. 
მისივე ინფორმაციით, სააგენტოს დაფინანსების მიზნით ყველა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გარკვეული რაოდენობის თანხა გამოიყოფა. 
“სააგენტოს დაფინანსების წყარო იქნება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, საიდანაც გრანტის სახით გამოიყოფა გარკვეული თანხა. გარდა ამისა, თანხას მოვიძიებთ როგორც არასამთავრობო სექტორიდან, ისე დონორი ორგანიზაციებიდან. დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს კერძო სექტორებიდან კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორებიც არის USAID, UNDP და განვახორციელებთ ერთობლის პროექტებს”, – აცხადებს ჭრელაშვილი.