სტატიები

„ფრთხილად ბავშვები!“ – უფრო ახლოს ევროპასთან

ამაზე მეტყველებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევები, რომლებიც ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის, ხელმიუწვდომელი სოციალური დაცვის საგანგაშო შედეგებზე მიუთითებენ.
შეიძლება თუ არა შეიცვალოს სურათი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ? – ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს.
ევროკავშირში გარანტირებული ადამიანის და, შესასაბამისად, უფრო აღმატებულად – ბავშვთა უფლებების დაცვა მხოლოდ სიგნალია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რომ ამ მიმართებით ცვლილებების დროა.
ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებამდე ერთი დღით ადრე, 2014 წლის 26 ივნისს მიიღეს, ბავშვთა უფლებებს ძალიან მოკლედ მიმოიხილავს. ასოცირების დღის წესრიგი სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტი არ არის, თუმცა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის სამოქმედო ღონისძიებებს ითვალისწინებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მე-2 თავის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი თავისი არსით ბავშვთა უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება. კერძოდ, „ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება და მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებისათვის შედარებით მაღალი პრიორიტეტის მინიჭება“ და „ძალადობის ყველა ფორმისგან“ ბავშვების დაცვა წარმოადგენს ბავშვთა უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რომელთა რეალიზება ბავშვთა ცხოვრების ხარისხის ზრდის და განათლების უზრუნველყოფის წინაპირობაა.

არასრულწლოვანთა ქორწინება
არასრულწლოვანთა ქორწინება ბავშვთა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 14 წლის აიშეს უკვე 2 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს. ის 6 თვის ორსული იყო, როდესაც მუეღლემ მიატოვა. დაზარალებული გოგონას დედის მტკიცებით, მისი გოგონა თანასოფლელზე საკუთარი ნებით გათხოვდა.
გოგონას დედის ინფორმაციით, მისი ყოფილი სიძე დაუბრუნდა პირველ ცოლს, რომელიც ამჟამად 16 წლისაა და 2 წლის შვილი ჰყავს.
“ჩემი შვილი მეორე ცოლი იყო. ისინი არაოფიციალურად 2015 წლის ზაფხულში დაქორწინდნენ. როდესაც ჩემს შვილთან დაშორება გადაწყვიტა ასე თქვა: მე ქალი მინდოდა და ვერთობოდიო. ჩემი ყოფილი სიძე პირველ ცოლს დაუბრუნდა. ის გოგონა 13 წლის იყო, როდესაც მოიყვანა და მალევე, ერთი წლის შემდეგ დაშორდა. ის ამ სიტუაციით ერთობა, როდესაც სხვადასხვა ადამიანზე გადაინაცვლებს”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას არასრულწლოვანი გოგონას დედა.
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორი წინა წლებთან შედარებით ბავშვთა ქორწინების შემთხვევების შემცირებაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ სოფელში გასულ წელს ბავშვთა ქორწინების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
“წინა წელს იყო შემთხვევა, როდესაც მე-10 კლასელი გოგონა გათხოვდა. ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა. გასულ წლებში გაცილებით მასობრივი იყო ასეთი შემთხვევები, თუმცა მას შემდეგ რაც 2015 წლის აპრილში კი ძალაში შევიდა ახალი ნორმა, რომლის მიხედვით ქორწინების იძულების კრიმინალიზაცია მოხდა, ბავშვთა ქორწინებამ იკლო. ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია ბავშვების ქორწინების კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციას ვაზუსტებთ”, – აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ბავშვთა ქორწინების პრობლემის მიმართ არასათანადო ყურადღების გამოჩენა საფრთხეს უქმნის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2016 წელს მხოლოდ 5. არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” პროექტების მენეჯერი განმარტავს, რომ არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა 1278-ია, რაც მკვეთრად აღემატება ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ მონაცემებს. ანა არგანაშვილი მიუთითებს, რომ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებიც მოიცავს ბავშვთა უფლებების ყოველმხრივ და სრულფასოვან დაცვას, ასოცირების დღის წესრიგით კიდევ შესასრულებელია.
“მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ქორწინებების რიცხვი მკვეთარად შემცირდა, მაინც არის არასრულწლოვანთა თანაცხოვრების საკმაოდ ბევრი შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულად არის აღირებული, აღნიშნული ნორმების აღსრულება პრაქტიკაში არ ხდება. ეს ძალიან სერიოზული ხარვეზია. სახელმწიფო შესაბამისი უწყებები სათანადოდ არ იძიებენ ამ ფაქტებს. როდესაც სახეზეა არასრულწლოვნის ორსულობა, მხოლოდ მაშინ არის რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდა, მაინც რჩება სერიოზული გამოწვევები. ასოცირების დღის წესრიგით ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები ბოლომდე ვერ შესრულდა”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ანა არგანაშვილი.

ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დაცვის ვალდებულება
ასოცირების დღის წესრიგი საქართველოს, ასევე, ავალდებულებს, ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად შესაბამისი ზომების მიღებას. ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ანა გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ საქართველომ ეს ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.
“განახლდა ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერირების (მიმართვიანობის) საკანონმდებლო ბაზა. ფუნქციონირებს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მომსახურებები.სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მომსახურებისათვის შექმნი­ლია კრიზისული ცენტრი, თუმცა მისი მუშაობა არაეფექტურია”, – აცხადებს ანა გოგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები არც თუ ისე იშვიათად ხდებიან სხვადსახვა სახის ძალადობის მსხვერპლნი, თუმცა მათ მიმართ განხორციელებული ღო­ნისძიებები წარმოადგენს ამ დიდი და სისტემური პრობლემის გადა­ფარვის მცდელობას.
“არ განხორციელებულა ამ ბავშვების სტატისტიკის შეგროვება, საჭიროებების კვლევა, დანერგილი სერვისებისა და დახარ­ჯული ფინანსების ეფექტურობის კვლევა და მონიტორინგი. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებთან მუშაობის დროს, ყურადღების ხელოვნური გადატანა ხდება სოციალურ­-ეკონომიკურ ფაქტორებზე, მაშინ როდესაც ქუჩაში მყოფი რამდენიმე ათასი ბავშვის მიმართ, ჩადენილია საქარ­თველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშა­ული (ტრეფიკინგი, სექსუალური ექსპლუატაცია, ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში და სხვა). სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონის­ძიება ამ ბავშვებთან მიმართებაში, არის სწრაფი, მოკლევადიანი და ერთჯერა­დი; არ ხდება ყურადღების გამახვილება ბავშვების ქუჩაში აღმოჩენის მიზეზებზე, მათი მშობლების დასაქმებასა და ცხოვრების პირობებით უზ­რუნველყოფაზე”, – აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.

ბავშვთა სიღარიბე და მის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარება
გაეროს ბავშვთა კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს; მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ოჯახების საშუალო მოხმარება, არ შეცვლილა მათი შემოსავალი.
“სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად. საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა უნდა პასუხობდეს სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც დგას მისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების წინაშე. ბავშვის უფლებათა დაცვა ახლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს – და არსებითია უფრო ძლიერი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. საჭიროა მეტი ინვესტიცია ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის, სხვაგვარად გვექნება ნელი ზრდა, მეტი უთანასწორობა და ნაკლები სტაბილურობა“, – აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი.
ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღება და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის შედარე­ბით მაღალი პრიორიტეტის მინიჭება. ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” პროექტების მენეჯერი ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფომ დანერგა ოჯახების სოციალურ­-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მე­თოდოლოგიისა და ადმინისტრირების სქემა, სადაც მეტადაა გათვალისწინებული ბავშვის საჭიროებები, თუმცა ამ მიმართულებით პრობლემები მაინც რჩება.
“2015 წლის მაისიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ­-ეკო­ნომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასება ხორციელდება ახალი მეთო­დოლოგიისა და ადმინისტრირების ახალი წესების გამოყენებით. ასევე, შე­მუშავდა სოციალური დახმარების ადმინისტრირების ახალი წესები. ამის მიუხედავად, ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად შემუშავებული ახალი მეთოდოლო­გია სრულად არ პასუხობს ბავშვთა საჭიროებებს, ვინაიდან სიღარიბის მაჩვენებლები, მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით, კვლავაც ყველაზე მაღალია ბავშვებთან მი­მართებაში”, – ამბობს ანა არგანაშვილი.
ის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ ბავშვებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ანა არგანაშვილი მიუთითებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი – მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებზე განსაკუთრებული ზრუნვა – ჯერ კიდევ არ ხორციელდება სისტემურად.
“განსაკუთრებულ მოწყვლად ჯგუფად არ ჩაითვალა და შესაბამისი ზომები არ გატარდა ბავშვთა ისეთ მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა: ქუჩა­ში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, იძულებით გადაადგილებული ბავშვები, ეთნიკური და რელიგიუ­რი უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები და სხვა ჯგუფები”, – აღნიშნავს არგანაშვილი.
ექსპრეტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად და ბავშვთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭიროა ბავშვთა უფლებების საკითხები კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად შევიდეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგში, ვინაიდან არსებული დღის წესრიგის შესასრულებლად დარჩენილი დრო არ არის საკმარისი მათ მოსაგვარებლად.