ახალი ამბები

ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს

 „მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ცხვრის ხორცის დეფიციტია.
„ცხვრის ხორცის რეალიზაციის პრობლემა მოხსნილია. ჩვენი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა ირანია. ახლა ისეთი პერიოდია, რომ ფიზიკურად ცხვარი არ გვყავს. დეფიციტია და პრობლემა მხოლოდ ეს არის. ახლა დოლი გვაქვს და ივნისიდან გასაყიდი სულადობა გვეყოლება, იქამდე – არა. რაც შეეხება ცხვრის ხორცის ღირებულებას, ადგილობრივ ბაზრებზე 1 კილოგრამი ცხვრის ხორცის ფასი 16,50 ლარია, ცოცხალი ცხვრის ფასი კი – 230-250 ლარი. საექსპორტო ფასების თქმა კი რთულია. ყველა ქვეყანას თავისი მოთხოვნა აქვს. ზოგადად ფასები მომატებულია, რასაც ირანიდან გაზრდილ მოთხოვნებს ვუკავშირებთ. ფასების მომატება ცხვრის ხორცის დეფიციტის ბრალი არ არის. ფასებმა მანამდე მოიმატა, სანამ დეფიციტი შეიქმნებოდა“, – აცხადებს გონაშვილი.
ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ამ ეტპაზე სერიოზული პრობლემაა რუსეთიდან შემოსული ცხვარი, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. მისი თქმით, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რათა ექსპორტიორი ქვეყანა არ შეცდეს.
„პრობლემა არის ის, რომ რუსეთიდან ცხვარი შემოდის, საქართველოში იკვლება და ირანში ექსპორტზე გადის. ირანიდან ნებართვის დოკუმენტი რომ მოდის, მასში წერია, რომ ცხვარი, რომელიც მათ ქვეყანაში შევა, საქართველოში დაბადებული უნდა იყოს. რუსულ ცხვარს, რომ წარმოშობის გრაფაში ქართული უწერია, გამოდის, რომ ამით ირანს ვატყუებთ, ამიტომაც სამომავლოდ ეს საკითხი დასარეგულირებელია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მხარს გვიჭერს. უახლოეს დღეებში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებსაც გავმართავთ და ველოდებით, რომ მალევე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მთავარია, რომ დოკუმენტში ჩაიწეროს, ცხვრის წარმოშობის რეალური ადგილი და არა ის ადგილი, სადაც დაიკლა. საქართველოში რაღაც პერიოდში ცხვრის სულადობა გვყავს, რაღაც პერიოდში – არა. იმ პერიოდში, როდესაც რესურსი ამოიწურება, შემოიყვანონ რუსეთიდან და ისე გაიტანონ და თან წარმოშობაში რუსეთი ჩაუწერონ. ეგ პრობლემა არ არის, მთავარია ვეტერინალური წესების დაცვა და შემოსულ ცხვარს დაავადებები არ შემოჰყვეს “, – აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბრისას ბექა გონაშვილი.