თელავის ბიუჯეტიდან აიპიების დაფინანსებისთვის 7 მილიონი ლარი გამოიყო
როგორც knews.ge–ს მერიაში განუცხადეს, რეორგანიზაციის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 16 აიპი ორგანიზაცია.
„კულტურისა და სპორტის მიმართულებით, სადაც ფუქნციონირებს 14 აიპი ორგანიზაცია, განსაზღვრულია 3 მილიონი ლარი. სკოლამდელი განათლების მიმართულებით გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი. ამმიმართულებას კოორდინაციას უწევს ააიპ ” თელავის ბაგა ბაღების გაერთიანება”. თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი აიპია „მოსწავლე ახალგაზრდიბის სახლი“, რომელიც პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს. აღნიშნული აიპი ბიუჯეტიდან 85 000 ლარით ფინანსდება“, – განუცხადეს knews.ge–ს თელავის მერიაში.
თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით, 10 იანვარს დაამტკიცა. 35 დეპუტატიდან სხდომას საკრებულოს 26 წევრი ესწრებოდა. ბიუჯეტის პროექტს ოცდასამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი კი 9 იანვარს გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა არ ყოფილა და არც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს არ ჰქონდათ ბიუჯეტის გაცნობის შესაძლებლობა. საკრებულოს თავმჯდომარემ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე, მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა. არჩილ თხლაშიძის მტკიცებით, თელავის მუნიციპალიტეტში 9 იანვარს მომხდარი სტიქიის გამო იძულებულები გახდნენ, ბიუჯეტი ერთ დღეში დაემტკიცებინათ. თელავის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 18 მილიონ 741 ათას 800 ლარით განისაზღვრება.