ლაგოდეხში მოსახლეობა წყლის ძველი მაგისტრალის დარჩენას ითხოვს
ადგილზე შექმნილია საინიციატივო ჯგუფი. ლაგოდეხში მცხოვრები ალიკა კურტანიძე აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობას გაუჭირდება წყლის საფასურის გადახდა.
„ახალი პროექტი ონკანებზე მრიცხველის დამონტაჟებას ითვალისწინებს, ეს კი მოსახლეობას დააზარალებს. ჩვენი მოთხოვნაა, ტექნიკური წყალი დაგვიტოვონ და სუფთა წყალზე დააყენონ მრიცხველი. ყველაფრის გადასახადებზე მიბმა ძალიან ცუდია, რადგან ხალხი ვერ შეძლებს გადახდას”, – განაცხადა ალიკა კურტანიძემ.
საინიციატივო ჯგუფმა თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას დახმარება სთხოვა და წერილებიც გაუგზავნა, თუმცა არცერთი უწყებიდან პასუხი არ მიუღიათ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობის ამ კონკრეტული მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, რადგან ძველი მაგისტრალი მწყობრიდან გამოსულია და სწორედ ამიტომ ტარდება რეაბილიტაცია.
“სამუშაოები უნდა დასრულდეს 2018 წლის მაისის თვის ბოლოს. ახალი მაგისტრალი რომ გაეშვება, ძველი მაგისტრალი იქნება ჩაკეტილი და ამორტიზირებული, რადგან მისი მომსახურება გახდება შეუძლებელი“, – განუცხადა knews.ge -ს ლაგოდეხის მერის მოადგილემ, ალექსანდრე ჭანკვეტაძემ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებეი 2015 წლიდან დაიწყო. წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ევროპის საინვესტიციო ბანკმა 9 მილიონი ლარი გამოყო. პროექტი ითვალისწინებს ახალი მაგისტრალის გაყვანას, ჭაბურღილებისა და წყლის შემგროვებელი რეზერვუარის მოწყობას.