ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას 12 მილიონი ევროთი დააფინანსებს
შესაბამისი პროექტის შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ხავლ მოაწერენ ხელს. ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის დელეგაციის ატაშე ქრისთინა ქასელა და გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.
პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება.
„პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (2015-2020)“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, მათ შორის, განხორციელდება გრანტების გაცემა ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ენპარდი ევროკავშირის ერთ–ერთი პროგრამაა, რომლის მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
„ევროპის სამეზობლო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უჩნდება მეტი მოთხოვნა და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ENPARD-ის დახმარება სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება”, – განუცხადა knews.ge-ს იანოშ ჰერმანმა.