ახმეტის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯი ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდა
წინა წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯი 301 500 ლარით გაიზარდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 901 000 ლარს შეადგენს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, შაქრო ტერტერაშვილის განცხადებით, საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებზეა გათვალისწინებული და პრიორიტეტულ მიმართულებებზე თანხა თითქმის არ არის გაზრდილი.
„ახალიბიუჯეტი ახმეტის რეალობას აცდენილია. მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯი და პრობლემების მოსაგვარებლად მცირე თანხაა გამოყოფილი. ახმეტის განვითარებისთვის ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული. ქალაქ ახმეტაში ყველა ქუჩა გადათხრილია და გადაადგილება შეუძლებელია. სოფლებში არის წყლის, სასოფლო–სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის პრობლემა, თუმცა ამ მიმართულებით ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია და ამ მიმართულებით თითქმის არ არის გაზრდილი თანხა. ჩვენ ვითხოვდით, ბიუროკრატიული ხარჯი შემცირებულიყო. გამოთავისუფლებული თანხა შეიძლებოდა გადანაწილებულიყო სოციალურ და ინფრასტრუქტურის მიმართულებებზე“, – განუცხადა Knews.ge–ს შაქრო ტერტერაშვილმა.
ოპოზიციას ახმეტის მერიაში პასუხობენ. ვიცე მერის განცხადებით, ახმეტის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. ზაზა მიგრიაული ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს, ერთობლივად განიხილონ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და იმსჯელონ მათი მოგვარების გზებზე. მიგრიაული არ გამორიცხავს, რომ პრიორიტეტულ მიმართულებებზე თანხა გაიზარდოს.
„საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით ახმეტაში წელიწადნახევრის განმავლობაში ხელფასები არ გაზრდილა. ადმინისტრაციული ხარჯი მცირედით არის გაზრდილი. ოპოზიციას მოვუწოდებ, რა შენიშვნებიც აქვთ ბიუჯეტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შევჯერდეთ ამ საკითხებზე და გავაანალიზოთ. შეგვიძლია ჩვენ ბიუჯეტში ცვლილებები შევიტანოთ და სხვადასხვა მიმართულებაზე გავზარდოთ თანხა“, – განუცხადა knews.ge–ს ზაზა მიგრიაულმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით 1 535 000 ლარია გათვალისწინებული, სოციალურ სფეროს 780 000 ლარი მოხმარდება, სკოლამდელ განათლებაზე კი 1 550 000 ლარია განსაზღვრული.