ენერგოომბუდსმენი თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს
თელავში ენერგოომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელის, სოფიო აივაზაშვილის თქმით, ისინი კომპანიასთან ერთად პრობლემის გადაჭრაზე მუშაობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მოსახლეობა მათ განცხადებით მიმართავს.
,,თელავში არის დაბალი ძაბვის დენის მიწოდების პრობლემა, რაც ძირითადად გამოწვეულია ტექნიკური პრობლემებით ან კონკრეტულ აბონენტთან გაუმართავი ხაზების გამო. როცა მოქალაქეს აქვს პრობლემა, მან ინდივიდუალურად უნდა მიმართოს წერილობით ენერგოომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელს თბილისში ან თელავში. ჩვენ შევისწავლით განაცხადს და მივართავთ კომპანიას, გამოიკვლიოს, აღნიშნულ მისამართზე რატომ არის ეს პრობლემა. დენის ცვალებადობა ან დაბალი დენის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. თუ არ მოგვმართა აბონენტმა, გაგვიჭირდება ამ პრობლემაზე საუბარი. ამ პრობლემით მოსახლეობა ხშირად მოგვმართავს. ერთობლივი განცხადებები ხშირად შემოდის ჩვენთან კონკრეტული სოფლიდან ან უბნიდან. მუშაობის შედეგად იკვეთება ხოლმე, რომ არის ტრანსფორმატორის გაუმართავობის, ხაზის ან ინდივიდუალური მოქალაქის პრობლემა, რომელიც მისი მოსაგვარებელია აღრიცხვის კვანძის შემდეგ. შესაბამისად როცა იდენტიფიცირებულია პრობლემა, უფრო ადვილია მოგვარება. ამ შემთხვევაში მოქალაქესაც შეუძლია გამოასწოროს პრობლემა და თუ კომპანიის ბრალია, ჩვენ ვავალდებულებთ მის მოგვარებას. კომპანია საპასუხი წერილში გვწერს რამდენ ხანში გამოასწორებს აღნიშნულ პრობლემას. განცხადების დამუშავების და პრობლემის გამოვლენის შემდეგ ჩვენ პირადად მივდივართ და ვამოწმებთ რამდენად მოგვარდა ეს პრობლემა’’,– განუცხადა Knews.ge-ს სოფიო აივაზაშვილმა.
ქალაქ თელავის მოსახლეობის ნაწილი კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას“ უპირისპირდება. ელენე ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრები ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ დაბალი ძაბვის დენი მიეწოდებათ, რის გამოც ელექტრო გამათბობლებს ვერ რთავენ.
,,სტაბილიზატორი დავაყენე და 220 ვოლტის ნაცვლად 180 ვოლტი დენი შემოდის. გუშინ მყავდა ხელოსანი და შევამოწმებინე ამპერმეტრით და 175 ვოლტი მოგვეწოდებოდა. იშვიათად ჩამოვდივარ თელავში, მაგრამ ეს პრობლემა ყოველი ჩამოსვლისას გვექმნება. გუშინ ჩავრთე გათბობის ე.წ. ქვაბი და ასევე ელექტრო გამათბობელი. ამ ორს ერთად როცა ვრთავ, ცენტრალური გათბობა მეთიშება, ასევე ნათურებიც ბჟუტავს და კარგად არ ანათებს”, – განუცხადა knews.ge-ს ანა მარგველაშვილმა.