გურჯაანის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების ხელფასი 1250 ლარით განისაზღვრა
წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის, ლევან ხაზიურის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით თავიდან იქნება აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, შესაძლებელი გახდა, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავდეს მოადგილე. ეს მნიშვნელოვანი იქნება საკრებულოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 ფრაქციაა. ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობები ასე გადანაწილდა: ფრაქცია „ევროპული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ვასილ უტიაშვილმა. ფრაქცია „გურჯაანის“ თავმჯდომარის მოადგილე იქნება კობა კუბრაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეები – ელგიჯა ქათამაძე და თამაზ შიშნიაშვილი, „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე – დავით პაიჭაზე, ხოლო „ქართული ოცნება–მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ზურაბ ბადრიაშვილმა“, – განუცხადა knews.ge–ს ლევან ხაზიურმა.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, თემურ ბუწაშვილის თქმით, ფრაქციის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნით ადმინისტრაციული ხარჯი კიდევ უფრო იზრდება. მისი შეფასებით, ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავს.
„საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ნომინალურია და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ერთ კაბინეტში იღებენ. ამ პირობებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან ადამიანები, რომლებიც ვალდებულებაში არიან ხელისუფლებასთან და ხელისუფლება ასაჩუქრებთ მათ 1200 ლარიანი ხელფასით, რომელიც საბოლოო ჯამში ეს ტვირთი ჩვენი მოსახლეობის მხრებზეა, რადგან მათი ფულით იღებენ ისინი ხელფასებს. ხელისუფლება საუბრობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ქამრის მოჭერის პოლიტიკაზე, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ადმინისტრაციულ ხარჯს ზრდის. ხარჯების შემცირების ნაცვლად ახალ თანამდებობებს ამატებენ, რათა თავიანთი ახლობლები დაასაქმონ“, – განუცხადა knews.ge–ს გურჯაანის საკრებულოს წევრმა, თემურ ბუწაშვილმა.