სტატიები

„საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ადმინისტრაციულ ხარჯს ზრდის“

გურჯაანის საკრებულოს 5 ფრაქციის თავმჯდომარეებს 6 მოადგილე ეყოლება. მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1250 ლარით განისაზღვრა. საკითხს მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა, ოპოზიცია კი ადმინისტრაციული ხარჯის გაზრდაზე და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. 
„საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ნომინალურია და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ერთ კაბინეტში იღებენ. ამ პირობებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან ადამიანები, რომლებიც ვალდებულებაში არიან ხელისუფლებასთან და ხელისუფლება ასაჩუქრებთ მათ 1200 ლარიანი ხელფასით, რომელიც საბოლოო ჯამში ეს ტვირთი ჩვენი მოსახლეობის მხრებზეა, რადგან მათი ფულით იღებენ ისინი ხელფასებს. ხელისუფლება საუბრობს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ქამრის მოჭერის პოლიტიკაზე, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ადმინისტრაციულ ხარჯს ზრდის. ხარჯების შემცირების ნაცვლად ახალ თანამდებობებს ამატებენ, რათა თავიანთი ახლობლები დაასაქმონ“, – განუცხადა knews.ge–ს გურჯაანის საკრებულოს წევრმა, თემურ ბუწაშვილმა. 
მმართველ გუნდში კი ოპოზიციის მოსაზრებას არ იზიარებენ. წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიური განმარტავს, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ხელს შეუწყობს საკრებულოს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობას. 
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, შესაძლებელი გახდა, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავდეს მოადგილე. ეს მნიშვნელოვანი იქნება საკრებულოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 ფრაქციაა. ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობები ასე გადანაწილდა: ფრაქცია „ევროპული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ვასილ უტიაშვილმა. ფრაქცია „გურჯაანის“ თავმჯდომარის მოადგილე იქნება კობა კუბრაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეები – ელგიჯა ქათამაძე და თამაზ შიშნიაშვილი, „ქართული ოცნება–კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე – დავით პაიჭაზე, ხოლო „ქართული ოცნება–მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა ზურაბ ბადრიაშვილმა“, – განუცხადა knews.ge–ს ლევან ხაზიურმა. 
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნული თანამდებობის შექმნას მნიშვნელოვნად აფასებს. თამაზ შიშნიაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილებით თავიდან იქნება აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი. 
„ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნა მნიშვნელოვანია და ჩვენი საქმიანობით უნდა ვეცადოთ, რომ ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთოთ მუნიციპალიტეტისთვის. ვფიქრობ, რომ ბევრი ინიციატივითა და წინადადებით მივმართო საკრებულოს, რადგან უფრო მეტი ლეგიტიმაცია მაქვს“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას თამაზ შიშნიაშვილი. 
ფრაქციებმა თავჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს თელავის მუნიციპალიტეტშიც.
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ორი მოადგილე ეყოლება. ბესიკ ქოჩიშვილი ალაზანი–კავკასიონის მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო ზურაბ მუსაევი კი – სოფელ ყარაჯლის მაჟორიტარი დეპუტატი. ფრაქციაში 12 დეპუტატია გაერთიანებული. რაც შეეხება სხვა ფრაქციებს, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეს ეყოლება ერთი მოადგილე. ამ თანამდებობაზე ფრაქციამ აბრამ მახარიაშვილი აირჩია. ამ ფრაქციის შემადგენლობაში საკრებულოს 5 წევრი შედის. თელავის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება ჯერ განსაზღვრული არ არის“, –განუცხადა knews.ge–ს ტარიელ გალახვარიძემ.
2017 წლის 15 დეკემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც საკრებულოებში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შექმნას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე. ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია, ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.