სტატიები

WinoMi – ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის ღვინო ახმეტიდან

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი მეგი ბოკუჩავა აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე “ვინომი” ლიმიტირებული რაოდენობითაა წარმოდგენილი და კონკურენციას უწევს სხვა მსხვილ თუ მცირე კომპანიებს, საოჯახო ტიპის მარნებს.
მისი განმარტებით, “WinoMi „–ს ბრენდის ქვეშ ვაზის უნიკალური ჯიშებისგან მიღებული ყურძენი ტრადიცული მეთოდით, საუკუნოვან ქვევრებში იწურება და ვარგდება, რომელიც შემდგომ მის უნიკალურ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს. 
,,კომპანიის დაარსება ახმეტაში, საუკუნოვანი ქვევრების არსებობას უკავშირდება, რომელშიც ჩვენი წინაპრები ტრადიციული ქვევრის ღვინოს წურავდნენ. ასაკიდან გამომდინარე ქვევრები უნიკალური თვისებებით გამოირჩევიან, რაც მათში დაწურულ სითხეს უფრო საინტერესოს ხდის. სწორედ ღვინის უცხო გემომ განაპირობა 2015 წელს, მამაპაპისეული ვენახებიდან მიღებული მოსავლით დაწურული ღვინით წარმოების დაწყება. მთავარი მიზანი კი ასეთი იყო: განსხვავებული და საოცარი გემოვნური თვისებების მქონე ღვინო არ დარჩენილიყო მხოლოდ ოჯახის საგანძურად და ის ფართო საზოგადოებასაც გაეცნო. პირველად “WinoMi – ვინომი” ქართული ღვინის ბაზარზე, გასული წლის გაზაფხულზე, კახური ტრადიციული წესით დამზადებული ორი სახეობის ღვინით – ქვევრის რქაწითელითა და საფერავით გამოჩნდა და დღეისათვის მისი შეძენა თბილისის თითქმის ღვინის ყველა მაღაზიასა თუ ღვინის ბარშია შესაძლებელი’’,– განუცხადა Knews.ge-ს მეგი ბოკუჩავამ. 
მეგი ბოკუჩავას ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული ღვინო ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ის სამომავლოდ პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავს. მისი თქმით, ქართულ ღვინოს ევროპულ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს. 
,,ქართველი თუ უცხოელი მომხმარებლების ყურადღება ჩვენმა ღვინომ გამოჩენისთანავე მიიპყრო. რაც ყველაზე მეტად გვახარებს, ეს მომხმარებლების დადებითი დამოკიდებულებაა. ისინი ხშირად სოციალურ ქსელებში გვეძებენ და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას კი საფერავის დამახასიათებელი, უცხო გემო იწვევს. რაც ადგილობრივ ფესტივალებსა და გამოფენებზე სომელიეებისა და ღვინომანების ყურადღების მიღმაც არ რჩება და დადებით შეფასებას იმსახურებს. ჩვენ მიერ წარმობული ღვინის გასაყიდი ფასი მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინის შესაბამისია და რამდენადმე განსხვავებული, სხვადასხვა მაღაზიაში განსხვავებულ ფასად იყიდება, რადგან პროდუქტის სარეალიზაციო ფასს მაღაზიის ადმინისტრაცია ადგენს. 2017 წელი ჩვენთვის დასაწყისის, ხოლო ქართული ღვინისთვის მსოფლიო მნიშვნელობის და ბევრი პოზიტიური სიახლის წელი იყო: სამეცნიერო დასტურმა იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, აამაღლა მისი პრესტიჟი მსოფლიო ბაზარზე. ეს არის უდიდესი ნაბიჯი არა მხოლოდ ქართული ღვინის კულტურის გავრცელებისთვის, არამედ ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეებისათვის. კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც სწორედ ექსპორტზე გასვლაა და მიმდინარე წელს, ახალ ღვინოებთან ერთად, მსოფლიო ბაზარზეც ვეცდებით თავის დამკვიდრებას’’, – განაცხადა მეგი ბოკუჩავამ.
პროდუქციის ექსპორტზე გატანის გარდა, კომპანია სამომავლოდ აგროტურიზმის მიმართულებითაც აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. 
„მზარდი ტურისტული ინტერესისდან გამომდინარე, სამომავლოდ ვფიქრობთ აგრო ტურიზმის განვითარებასაც, თუმცა მიმდინარე ეტაპზე ჩვენს პრიორიტეტს წარმოებისა და პროდუქციის უმაღლესი ხარისხი წარმოადგენს. ტრადიციული ნიშა კომპანიას არ ზღუდავს, იყოს თანამედროვე სავაჭრო გარემოსა და ტენდენციებზე მორგებული. “WinoMi – ვინომი” აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის გამოფენა-გაყიდვაში, ფესტივალზე და პარტნიორობს კულტურულ თუ სოციალურ ღონისძიებებს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია’’, – აღნიშნავს ბოკუჩავა.
2018 წლის გაზაფხულიდან “WinoMi – ვინომი” ორი სახეობის (ქისი და მწვანე) ღვინის წარმოებასაც გეგმავს.