სტატიები

შირაქის ფერმამ ბიო სერტიფიკატი მიიღო

წლის ბოლოსთვის დედოფლისწყაროში პირველი ბიოფერმა დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც სიახლე იქნება არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში. შირაქის ფერმის დამფუძნებელი ირწმუნება, რომ უკვე 10 წელია, რაც კომპანია ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის წარმოების მიმართულებით მუშაობს.
ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, რომ მეცხოველეობაში ბიოსტანდარტების დანერგვა საკმაოდ რთულია, რადგან პროცესი, რომელიც აღნიშნული სისტემის დანერგვას ახლავს არა მხოლოდ ფერმაზე, არამედ ცხოველთა საკვების მოყვანასა და გადამუშავებაზეც ვრცელდება.
,,სოფელ არხილოსკალოში მდებარე შირაქის ფერმა პირველი ბიოფერმაა ამიერკავკასიაში, ეს არის საუკეთესო პრეცედენტი, ბიო წარმოების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქართველოში. შირაქის ფერმა უკვე 10 წელია, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებს. ადგილზე მომუშავე პერსონალი პერიოდულად გადის გადამზადებას უცხოეთში. მიღებულ გამოცდილებას კი ადგილზე მომუშავე სტაჟიორებს უზიარებენ. ჩვენი მიზანია, გავძლიერდეთ, უკეთესი პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებელს და ვაწარმოოთ ნედლი რძის ის რაოდენობა, რომელიც ჩაანაცვლებს ბაზარზე გავრცელებულ ფხვნილის რძეს. აღსანიშნავია, რომ მეცხოველეობა არის კომპლექსური დარგი, რომლის ბიო-სერტიფიკაცია შესაბამისად რთული პროცესია დაწყებული საკვებიდან დამთავრებული ცხოველის კეთილდღეობით. ბიოსტანდარტების მიხედვით მეცხოველეობაში უნდა გამოიყენებოდეს ბუნებრივი გამრავლების მეთოდი, მინიმუმამდე უნდა დაყვანილი იქნეს ცხოველების სტრესი, აქცენტი უნდა გაკეთდეს დაავადებების პრევენციაზე, თანდათანობით უნდა გამოირიცხოს ქიმიური ალოპატიური ვეტერინარიული საშუალებების (მათ შორის ანტიბიოტიკების) გამოყენება, უნდა შემცირდეს ცხოველური წარმომავლობის საკვების გამოყენება (მაგალითად ხორცის ფხვნილი), შენარჩუნებული იქნეს ცხოველების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ხორციელდება ვაქცინაცია, პარაზიტების ან ცხოველთა სავალდებულო განადგურება. ბიომეცხოველეობაში დაუშვებელია ემბრიონის ტრანსპლანტაციისა და რეპროდუქციის ჰორმონები სგამოყენება. რაც შეეხება კვებას, ცხოველი უნდა იკვებებოდეს ბიოსაკვებით, რომლის 50% ბიომეურნეობაში მზადდება. დასაშვებია საკვების 30 % იყოს კონვერსიული მეურნეობიდან. ჩვენ, ასევე, 4 წელია ნიადაგის დამუშავებისას მინერალური სასუქებს არ მოვიხმართ, არ ვთესავთ ჰიბრიდულ თესლებს, არ ვიყენებთ მარცვლეულ კულტურებში ჰერბიციდებს და ასეთ ნიადაგზე მოყვანილი მარცვლეული და სილოსი ეძლევა პირუტყვს’’,– განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ. 
მისი თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შირაქის ბრენდის სახელით თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში იყიდება.
,,ჩვენს ფერმაზე არის მიბმული გადამამუშავებელი საწარმო, სადაც იწარმოება რძის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, როგორიც არის: იმერული ყველი, სულგუნი, ნადუღი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, ქართული ყველი, ასევე ახალი დაწყებულია თხის ყველის წარმოება. 2016 წელს მერძეულ ფერმას 60 სული ჰოლშტინური ჯიშის საქონელი შეემატა, რომელიც მეხორცულია და მისი პროდუქტიულობა 10000კგ-ია. დღეის მდგომარეობით ფერმაში ჰოლშტინის და შვიცის ჯიშის 120 სული ძროხაა, 10 დეკეული და 25 ხბო. ფერმაში დღეში დაახლოებით სამ ტონამდე რძე იწარმოება. საქონელი ბაკურ კვებაზეა, საკვებად ვიყენებთ სილოსს, დაფქულ სიმინდს, დაფქულ ქერს, მზესუმზირის შროტს, ლუდის ნახარშს, ხორბალს, მარილს, იონჯას, ნამჯას და ბევრ სხვა დანამატს, როგორიცაა მინერალები და ვიტამინები, რაც ხელს უწყობს ძროხას მაღალხარისხიანი რძის წარმოებაში’’,– განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ბენიაიძემ.

საკონსულტაციო კომპანია შპს „ჯიდისიაი“-ს წარმომადგენელი ეკა ქიმერიძე განმარტავს, რომ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ბიო ბიოსტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. მისი თქმით, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, რის მოგვარებაზეც მთავრობამ აქტიურად უნდა იმუშავოს. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში არარეგისტრირებული მწარმოებლების ფუნქციონირების შედეგად სახელმწიფომ შემოსავლების კუთხით საკმაოდ დიდი დანაკარგი მიიღო და წარმოებული პროდუქტის უვნებლობაც ეჭვქვეშ  დადგა. ეკა ქიმერიძეს თქმითვე, კანონის იმ პუნქტში, რომელიც რძის მწარმოებლებს ეხება, ცვლილებები უნდა შევიდეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემების მოგვარებაში მთავრობამ მიიღოს მონაწილეობა, მარტო მეწარმეები ამას ვერ მოაგვარებენ. მათ ჭირდებათ სტანდარტების დასანერგად და შემდეგ პროდუქციის რეალიზებაში დიდი მხარდაჭერა როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოდან ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობენ. ერთობლივი მუშაობით კი მოგებული დარჩება ყველა და განსაკუთრებით მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულები იქნებიან და ეცოდინებათ რა სახის პროდუქტს ყიდულობენ ბაზარზე. გარდა ამისა, აუცილებელია კანონში საკანონმდებლო ტერმინოლოგიის დონეზე განიმარტოს რა არის არაორგანიზებული წარმოება. ე.წ მცირე და ოჯახური საწარმოები, რომლებიც თვლიან რომ არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულები რადგან ოჯახური წარმოებაა, რეალურად ძალიან ორგანიზებული სახით ყიდიან უხარსხო რძის პროდუქტებს. კანონში ასევე უნდა განისაზღვროს რას ნიშნავს ორგანიზებული და არაორგანიზებული წარმოება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ პრობლემები მოგვარდეს და ბევრმა მეწარმემ შეძლოს წარმოებაში ევროპული სტანდარტების დანერგვა’’,განუცხადა knews.ge-ს ეკა ქიმერიძემ.