სოფელ ვარდისუბანში იოანე ნათლისმცემლის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა
პროექტი სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად განახორციელა.
“ჩატარებული სამუშაოების შედეგად ტაძარი გაიწმინდა ეკალ-ბარდებისაგან, მოიხსნა ძველი კრამიტი და გადაიხურა მეორადი ქართული კახური კრამიტით, გადაეწყო მორყეული ქვის წყობა პროექტში მინიშნებულ ადგილებში, შეივსო ნაკლული ქვის წყობა ფასადზე, ეკლესიას გაუკეთდა ექვსრიგად აგურის კარნიზი, იატაკზე დაიგო შერჩეული რიყის ქვა, ძეგლის გარშემო დაიყარა ხრეში და მოიბელტა. ძეგლი წარმოადგენს საშუალო ზომის დარბაზულ ნაგებობას დასავლეთის მინაშენით, რომელიც ნაგებია დიდი და საშუალო ზომის რიყისა და ქვიშაქვით კირის დუღაბზე. ეკლესია საგრძნობლად იყო დაზიანებული. ტაძარს თითქმის აღარ ჰქონდა შერჩენილი სახურავი, ჩამონგრეული იყო დასავლეთისა და სამხრეთის კარების ხის არქიტრავები. დაკარგული იყო კარების დირეები,თითქმის არ იყო შემორჩენილი კარნიზები, ასევე, დასავლეთის კარის თავზე გაჩენილი იყო გამჭოლი ვერტიკალური ბზარი”, – განუცხადეს knews.ge–ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.