თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge–ს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. ლევან მრელაშვილის ინფორმაციით, კონკურსი მოიცავს განცხადების გადარჩევას, ზეპირი დავალების მომზადებასა და გასაუბრებას. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 860 ლარია.
„უფროსი სპეციალისტის ფუქციები იქნება მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონსულტირება; სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი ანგარიშების შედგენა; სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და სამინისტროსათვის წარდგენა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვის მონიტორინგი; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის შეფასების პროცესში მონაწილეობა;ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა და ა.შ. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე: hr.gov.ge. კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს”, – განუცხადა knews.ge–ს ლევან მრელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კონკურსანტი მესამე ეტაპზე გადავა, თუ დააგროვებს მაქსიმალურ ქულათა 60%-ს და მეტს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 31 იანვარს დასრულდება.