ახალი ამბები

მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხული პირების ნაწილი შესაძლოა, თავიდან დაიკითხოს

როგორც Knews.ge–ს მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, კონკრეტული პირების გამოკითხვისას დასმული შეკითხვები რიგ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს, რის გამოც მათ ხელახლა გამოკითხვას ითხოვს. კუბლაშვილის განმარტებით, აღნიშნული პირების თავიდან დაკითხვაზე გამოძიება თანახმაა.
„გამოძიება მზადაა, ჩემი მონაწილეობით თავიდან დაიკითხოს ზოგიერთი პირი, რომელთა გამოკითხვისას დასმულმა შეკითხვებმა არ დამაკმაყოფილა. გამოძიება ჩემს ნებისმიერ შუამდგომლობას აკმაყოფილებს. საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გამოძიება, ასევე, თანახმაა ბალესტიკური ექსპერტის ჩართვაზეც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე თანახმაა, ჩემთან ერთად ხელახლა ჩავიდეს სპეცოპერაციის ადგილზე გარკვეული საგამოძიებო სამუშაოების ჩასატარებლად“, – განუცხადა knews.ge–ს მარიამ კუბლაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის სპეცოპერაციის დროს 26 დეკემბერს დაჭრეს. მაჩალიკაშვილს ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. სპეცოპერაციის დროს დაჭრილს ნეიროქირურგიული ოპერაცია 26 დეკემბერს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილს ორი კვირის განმავლობაში წმ. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 10 იანვარს დილით გარდაიცვალა.