სიღნაღის მერის ყოფილი მოადგილე მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს
გიორგი გოგილაშვილმა ეკა ჩახნაშვილი უფლებამოსილების განხორციელების პირველივე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჩახნაშვილი პარლამენტში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ აპარატში გააგრძელებს მუშაობას. მისი ინფორმაციით, ფრაქცია, რეგიონებში ქალთა უფლებების დაცვასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
ეკა ჩახნაშვილის განცხადებით, გამგებლის მოადგილედ ყოფნის პერიოდშიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა გაძლიერების მიმსრთულებით ბევრ პროექტს ახორციელებდა, ახალი თანამდებობა კი საქმიანობის რეგიონული მასშტაბით განხორციელების საშუალებას მისცემს.
,,2015 წლიდან ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქალები სამართლიანობისთვის“ წევრი , რომლის დამფუძნებლები არიან ნათია ქევხიშვილი და ნატო სოფრომაძე. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს პროექტს ,,ქალები აქტიურ პოლიტიკაში“. ორგანიზაცია თანამშრომლობს პარტიასთან ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ და იმ ფრაქციასთან, სადაც მე გავაგრძელებ მუშაობას. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ამავე დროს აღნიშნული ფრაქციის საქმიანობაში ჩართვა ჩემთვის ნიშნავს ყოველივე ახლის შეძენას და ძველის ახლებურად დანახვას. ვფიქრობ, სწორედ ესაა განვითარება, უკეთ დაინახო საკუთარი რესურსი, საით და როგორ მიმართო ის, საჯარო სამსახური იქნება ეს, კერძო თუ პოლიტიკა. დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას იმისათვის, რომ მომცა საშუალება, უკეთ დამენახა საკუთარი თავი, მაპოვნინა გუნდი, რომელთან ერთადაც ვიზიარებ ქვეყნის განვითარების საერთო გეგმას და იმ ღირებულებებს, რომლებზეც ზოგადად დემოკრატიული საზოგადოება დგას. სოციალ-დემოკრატიული პარტია და ფრაქცია იმიტომ ავირჩიე, რომ ეს არის იმ პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი პარტია, რომელიც ევროპის განვითარებული ქვეყნების უმეტესობას ახასიათებს და უმთავრესად იმიტომ, რომ სწორედ ამ იდეოლოგიის მატარებელ ქვეყნებშია ყველაზე მეტად ქალის უფლებები დაცული”, – განუცხადა knews.ge-ს ეკა ჩახნაშვილმა.
მისივე თქმით, ის სიღნაღის ახლადარჩეულმა მერმა მოადგილეობიდან უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან მისი მუშაობის პერიოდი მუნიციპალიტეტისთვის ნაყოფიერი იყო და ამ ხნის განმავლობაში საყვედური და შენიშვნა არ მიუღია.