კონდოლში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გამოძიების ინფორმაციით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ზ.მ.-მ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში სიტყვიერი დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, სავარჯიშო გირი გ.ლ.-ს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ზ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 120-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
,,გამოძიების დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გ.ლ.-ს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ზ.მ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე ი.ჩ.-ს და ზ.ჩ.-ს ხელკეტით განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო გ.ფ.-ს სცემა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ ზ.მ.-მ 2017 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, პირადი წყენის გამო, შურისძიების მოტივით ლ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომლის დროსაც რამდენჯერმე დაარტყა სახისა და სხეულის არეში. ზ.მ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა ზ.მ. 2017 წლის 27 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს”, – განუცხადეს knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.