თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს
მანამდე კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს. დღეს დილით სოფელში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ჩავიდნენ და მაჩალიკაშვილის ოჯახს მომხდარის გამო მიუსამძიმრეს.
გარდაცვლილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრის დასჯას ითხოვს, რომელმაც მის შვილს ესროლა.
„მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მისი სახე დამანახოს. ოპერაციის დაგეგმიდან ბოლო წერტილამდე მოვითხოვ ყველა დამნაშავის დასჯას. ამას მოვითხოვ როგორც მე, ისე მთელი პანკისის ხეობა. გამოძიებას ამ დროისთვის ვუცხადებ ნდობას, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ ალბათ სხვანაირად მოვიქცევი”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს, თუმცა ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების განზრახ მკვლელობის მუხლით წარმართვას ითხოვს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა. ის პანკისის სპეცოპერაციის დროს 26 დეკემბერს დაჭრეს. მაჩალიკაშვილს ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. სპეცოპერაციის დროს დაჭრილს ნეიროქირურგიული ოპერაცია 26 დეკემბერს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. მას ორი კვირის განმავლობაში წმ. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.