მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება
აქციის მონაწილეები ითხოვენ სახელმწიფომ დაადგინოს სიმართლე და ჩაატაროს ეფექტური გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე; შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება; უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლისგაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება; შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება!
„თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეში ჩნდება დასაბუთებული ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიზუალური მასალა, ასევე ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები აჩენს ეჭვებს, რომ სპეცრაზმმა თემირლან მაჩალიკაშვილს მის ბნელ ოთახში შეჭრისთანავე მყისიერად გაფრთხილების გარეშე ლოგინშივე ესროლა. პრობლემურია დაჭრილისთვის დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხიც. მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებასა და დისკრედიტაციას. ამ გზით სახელმწიფო ახდენს საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას და მსხვერპლის ტერორისტად გამოცხადებით მის დეჰუმანიზებას“, – განუცხადეს knews.ge–ს აქციის ორგანიზატორებმა.
აქცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და და მონიტორინგის ცენტრის (EMC),
ადამიანის უფლებათა ცენტრის, თეთრი ხმაურის მოძრაობისა და აუდიტორია #115–ის ორგანიზებით გაიმართება.
პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა. მას ორი კვირის განმავლობაში წმ. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.