ახალი ამბები

თელავში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სპეციალური კომისია, რომელიც დღეს დილით შეიქმნა, ქალაქ თელავსა და სოფლებში დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, თელავში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურაც. მისივე თქმით, ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელზე დარეკვა და ინფორმაციის მიწოდება ყველას შეუძლია.
,,საბედნიეროდ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ის სავალალო მდგომარეობა, რაც მოჰყვა ძლიერ გრიგალს, ზამთრის ისედაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში სირთულეს უქმნის მოსახლეობას. ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი (0350 27 36 50; 551 59 50 90 არჩილ მეგუთნიშვილი; 551 04 10 29 ეკა გიორგაძე) და ხდება მყისიერი რეაგირება თითოეულ შემოსულ ინფორმაციაზე. მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და სხვა კომუნიკაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია. იმედი მაქვს, მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ფორსმაჟორულ მდგომარეობას, შეინარჩუნებს სიმშვიდეს და ხელს შეუწყობს ადგილობრივ სამსახურებს, რათა რაც შეიძლება სწარფად მოხდეს ზიანის ლიკვიდაცია,”– განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ძლიერმა ქარმა დაგლიჯა მრავალწლოვანი ხეებ და თელავის მუნიციპალიტეტში 10–მდე სახლს სახურავი გადახადა.

ფოტო არქივიდან