კახეთში მარნებს ღვინის მობილური გამფილტვრელი და ჩამომსხმელი გადაეცემათ
აქტივობა საზოგადოებრივი კოლეჯ “აისის” პროექტის „სმარტ მობილური გამფილტვრელი და ჩამომსხმელი მცირე ღვინის მარნებისთვის კახეთში“ ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი აფინანსებს.
“კოლეჯმა აისმა ვიშეგრადის მიერ დაფინანსებულ პროექტში გაიმარჯვა. პროექტი კოლეჯის მევენახეობა–მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებმა დაწერეს. პროექტის განხორციელების შემდეგ გლეხები შეძლებენ, გაყიდონ საკუთარი ღვინო უფრო დიდი რაოდენობით სახლიდან გაუსვლელად და ტურისტებს კი შეეძლებათ, იყიდონ სახლის ღვინოები ადგილზე, გლეხების მარნებში. პროექტი არის ინოვაციური, რადგან არ არსებობს მსგავსი სახის კომპანია, რომელსაც შეუძლია ამგვარი ტიპის მომსახურების შეთავაზება გლეხებისთვის. ეს პროექტი დაეხმარება როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე მოსახლეოებას, რადგან რეგიონის ეკონომიური სიძლიერე დამოკიდებულია მეღვინეობასა და ღვინის ტურიზმზე.2017 წლიდან კოლეჯი „აისი“ აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტთან – „აგრი-ედუ სტარტაპტის სტიმულირება სასოფლო-სამეურნეო ინოვაციებისთვის“, რაც გულისხმობს აგრარული მიმართულების სტუდენტების ჩართვას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის”, – განაცხადეს კოლეჯ “აისში”.
კოლეჯის სტუდენტები პროექტის ფარგლებში 2018 წლის მარტში გაემგზავრებიან ევროპის ოთხ ქვეყანაში: პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში.