ადვოკატი – თემირლან მაჩალიკაშვილს სახლში დღესვე გადაასვენებენ
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობლები, მისი ოჯახის წევრები და იურისტი იმყოფება. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ოჯახს კითხვები თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დილის 6 საათზე გაუარესდა. როგორც ექიმებისგან მივიღე ინფორმაცია, მაჩალიკაშვილის გარდაცვალება მოსალოდნელი იყო, თუმცა ჩვენ მრავალი კითხვა გვაქვს, თუ რატომ გარდაიცვალა, როდესაც ჩვენ უახლოეს დღეებში მის წაყვანას უცხოეთში ვაპირებდით და ა.შ. რაც შეეხება თავად თემირლან მაჩალიკაშვილს, მას საკუთარ სახლში დღესვე, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადაასვენებენ“, – განუცხადა knews.ge–ს მარიამ კუბლაშვილმა.
დღეს, დილის 8 საათზე, თემირლან მაჩალიკაშვილი წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამთენიისას გაუარესდა. ექიმებს სამჯერ ჰქონდათ მცდელობა, რომ გულის მუშაობა აღედგინათ, თუმცა მეოთხე მცდელობაზე ეს უკვე შეუძლებელი გახდა. ”პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ყველა მის ახლობლებს ჩვენი კლინიკის სახელით და ღრმა მწუხარება გამოვხატო. რაც შეეხება გუშინ და დღეს დილით განვითარებულ მოვლენებს, გუშინ შუადღის შემდეგ გამოიხატა მდგომარეობის საკმაოდ მკვეთრი გაუარესება. უფრო მოგვიანებით, უკვე გამთენიისას, გულის გაჩერება დაფიქსირდა. ეს იყო სამი ეპიზოდი. სამივეჯერ სარეანიმაციო ღონისძიებებით მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, მიუხედავად ძალიან აქტიური მცდელობისა, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და დილით, დაახლოებით 08:00 საათზე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა”, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.
პანკისში დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მურნალობას დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უტარებდნენ. ის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 26 დეკემბერს ჩაუტარდა. ის თბილისში სამკურნალოდ 28 დეკემბერს გადმოიყვანეს.