კახეთის მუნიციპალიტეტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
,,ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ტექნიკური სამსახური დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
,,დილით საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, მოტეხილმა ხეებმა დააზიანა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები. ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ მოხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, – განაცხადეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა დააზარალა კახეთის რამდენიმე, განსაკუთრებით, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს ენერგომომარაგება ამ დრომდე შეწყვეტილი აქვს. წაქცეულია მრავალწლოვანი ნაძვები. ქარმა სახურავები ახადა საცხოვრებელ სახლებსაც.
,,სპეციალური კომისია ითვლის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობას, რომლის შესახებ ინფორმაციასაც მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.
ფოტო: არქივი