რუისპირში მდებარე ადამაანთ ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა. ადამაანთ ციხე აგებულია მე-18 საუკუნის ბოლოს. ციხე სათავდაცვო-საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და შუაში კედლითაა გაყოფილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ბრძანება, რომელიც გულისხმობს სოფელ რუისპირში მდებარე ადამაანთ ციხისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას. ადამაანთ ციხე მნიშვნელოვანი ძველი კულტურული და ისტორიული ძეგლია. ციხის ერთი ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე მეორე, თუმცა ორივე ნაწილი სამსართულიანია. ციხის ორივე ნაწილის პირველი სართული მარანია, მეორე სართული – საცხოვრებელი, ხოლო მესამე სართული საბრძოლო ბანია. მარანის სამხრეთი ნაწილი საწნახელს ეკავა, მეორე ნაწილში კი ქვევრებია ჩადგმული. მარნის ამ ნაწილში ორი კარია დატანებული. მეორე სართულზე შესასვლელი ციხის ჩრდილოეთ ნაწილის მეორე სართულზე არსებული კარიდანაა, სადაც ხის კიბით ადიოდნენ. მეორე სართულის ორი დარბაზი ერთმანეთთან კარით იყო დაკავშირებული. აქედანვე იყო ასასვლელი საბრძოლო ბანზე. ციხის თითოეულ სართულზე სარკმელ-სათოფურებია, საბრძოლო ბანი კი ქონგურებით სრულდება“, – განუცხადეს knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.