ქარმა თელავში კორპუსებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა
როგორც knews.ge-თელავის მერმა განუცხადა, ქარმა ათამდე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა, ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სტიქიამ დააზარალა თელავის მე-2 სამუსიკო სკოლა, სოფელ ვათის კულტურის ცენტრი და კერძო სტომატოლოგიური კლინიკა. ძლიერი ქარის შედეგად, ასევე, წაქცეულია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.
„სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია. ქარმა სახურავი გადახადა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, რამდენიმე კერძო სახლს, თელავის მე-2 სამუსიკო სკოლას, სოფელ ვათის კულტურის ცენტრს და ქალაქში მდებარე კერძო სტომატოლოგიურ კლინიკას. სტიქიამ, ასევე, დააზარალა ნადიკვარზე არსებული სცენა. სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. ჩემი ინფორმაციით, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ უკვე დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზარალის ოდენობას. სპეციალური კომისია ითვლის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობას, რომლის შესახებ ინფორმაციასაც მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
სტიქიამ დააზარალა გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებიც.