სუს–მა ახმეტაში სოფელ ომალოს მაცხოვრებელი დააკავა
როგორც knews.ge–ს სუს–ის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში განუცხადეს, იდოიძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.
„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე“, – განუცხადეს knews.ge–ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში.
სუს–ის ცნობით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 17–დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 3 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.