სტატიები

სიღნაღში პრემიები ექვსი დღის შექმნილმა ფრაქციების თავმჯდომარეებმაც მიიღეს

სიღნაღის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართა, ხოლო მერი უფლებამოსილების შესრულებას 13 ნოემბერს შეუდგა.

,,როგორც ბიჯეტში იყო გათვალისწინებული, ისე გაიცა პრემიები. აიღო ყველა თანამშრომელმა და მათ შორის მეც”, – განაცხადა სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა. 

,,სიღნაღის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება კონსერვატორები” და “ქართული ოცნება მრეწველები” 21 დეკემბერს შეიქმნა, “ნაციონალური მოძრაობა 5 დეკემბერს, ხოლო “ქართული ოცნება” კი 20 ნოემბერს დარეგისტრირდა.

,,ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” 10 წევრია გაერთიანებული, ხოლო დანარჩენი სამი ფრაქციის შემადგენლობაში კი ოთხ–ოთხი დეპუტატი შედის”, – განუცხადა knews.ge–ს სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსმა, მალხაზ მოლაშვილმა. 

პრემიების გაცემასთან დაკავშირებით კითხვები აქვს მესამე სექტორს. სათემო ცენტრი “ნუკრიანის” დირექტორისთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს 6 დღის შექმნილი ფრაქციების თავმჯდომარეებმა პრემიები. მაია ბიძინაშვილი აპირებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია. 

,,აუცილებლად მივმართავ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, და გამოვითხოვ საჯარო ინფორმაციას. წარმომადგენლობითი ორგანოსგან ოფიციალურად მოვითხოვ პასუხს კითხვაზე, რა პრინციპით მიიღეს რამდენიმე დღის შექმნილმა ფრაქციის თავმჯდომარეებმა პრემიები”, – განუცხადა Knews.ge–ს მაია ბიძინაშვილმა. 

პრემიების გაცემას აკრიტიკებენ სიღნაღის წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერ დეპუტატებიც. მათ, ასევე, შენიშვნები აქვთ ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, რომელიც 28 დეკემბერს დაამტკიცეს. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ხარჯმა 490 900 ლარით მოიმატა, საიდანაც 189 000 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული. 

,,იმის გამო, რომ ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, სხვა საკითხების გათვალისწინება უკვე შეუძლებელია. მე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ჩემი თავის და ამომრჩევლების წინაშე და აუცილებლად წარვადგენ ჩემს შენიშვნებს ბიუჯეტთან დაკავშირებით და საკრებულოს მოვთხოვ მის გათვალისწინებას”,- განუცხადა Knews.ge-ს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი ბაბაკიშვილმა.

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის ეკატერინე ქარდავას განმარტებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს (პრემია) გაცემა აიკრძალა. გარდა ამისა, 2018 – 2020 წლების განმავლობაში, აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის აკრძალული იქნება ხელფასის ოდენობის გაზრდა.

,,ინიციატივის მიხედვით, სახელწოდება „პრემია“ იცვლება „ჯილდოთი“, დგინდება ზედა ზღვარიც. მოხელეები ყოველწლიურად შეფასებას ექვემდებარებიან და შეფასების შედეგებიდან გამომდინარე თუ მოხელის საქმიანობა შეფასდება როგორც საუკეთესო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლება მან წახალისების საშუალებად მიიღოს ფულადი ჯილდო. მაქსიმუმი არის წლიური თანამდებობრივი სარგოს 10%”, – განუცხადა knews.ge-ს ეკატერინე ქარდავამ.