თუშეთის მოსახლეობა ინტერნეტით უფასოდ აპრილამდე ისარგებლებს
ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდი” ზამთარში ინტერნეტის მომსახურების საფასურს ადგილობრივებს სრულად დაუფარავს.
„თუშეთის განვითარების ფონდის” წარმომადგენლის, ზურაბ ბაბულაიძის ინფორმაციით, წელს ზამთარში თუშეთის მხოლოდ სამ სოფელში 21 ადამიანი დარჩა: ომალოში – 17, შენაქოში – 3, ბოჭორნაში კი – 1.
,,თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი პირველად ხელმისაწვდომი 2017 წლის აგვისტოში გახდა. თუშეთის ინტერნეტიზაცია ამერიკული ორგანიზაცია ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და დაახლოებით 100 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ფარგლებში აგებული ქსელი საკუთრებაში გადაეცა ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდს“, რომელიც ქსელის ოპერირებას და ბოლო მომხმარებლებთან საინსტალაციო სამუშაოებს აწარმოებს”, – განაცხადა „თუშეთის განვითარების ფონდის” წარმომადგენელმა, ზურაბ ბაბულაიძემ.