სტატიები

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში გაზის გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ

ადგილობრვების მტკიცებით, ბოლო ორი თვეა ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევთ. ისინი ირწმუნებიან, რომ გაორმაგებული გადასახადი იმ აბონენტებმაც მიიღეს, რომლებიც გაზს მცირე რაოდენობით მოიხმარენ. სიღნაღში მცხოვრებ მარიამ ალიაშვილს ბუნებრივი აირის გადასახადი გასულ თვეებთან შედარებით 30 ლარით მეტი დაერიცხა. იგი ამბობს, რომ იმავე რაოდენობის მოხმარებულ ბუნებრივ აირზე გაცილებით ნაკლებ თანხას იხდიდა.

,,ნოემბერსა და დეკემბერში ბუნებრვი აირის გაზრდილი გადასახადი მოვიდა. 50 ლარს ვიხდიდი სულ და ახლა ქვითარში 100 ლარი მიწერია. ჩემ გარდა, უბანში მცხოვრებ სხვა ოჯახებსაც გაცილებით მეტის გადახდა მოუწიათ. ვფიქრობთ, კომპანია სპეციალუად აკეთებს. ადრეც მოდიოდა მეტი გადასახადი, მაგრამ ახლა გაორმაგებულია. ისედაც ცუდ დღეშია მოსახლეობა, უმეტესობა შიმშილის ზღვარზეა და ამხელა გადასახადებს ვერ გადაიხდიან. ჩვენც იძულებულები ვართ, შეშით გავთბეთ, რადგან ვერ გადავიხდით’’,– განუცხადა knews.ge-ს მარიამ ალიაშვილმა.

ბუნებრვ აირის გაზრდილი გადასახადი მიიღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა აბონენტებმაც. ისინი აღნიშნავენ, რომ გაორმაგებული გადასახადის გარდა პრობლემაა ისიც, რომ ბუნებრივი აირის წნევა დაკლებულია, რის გამოც იძულებულები არიან, გაზი მეტი რაოდენობით მოიხმარონ, რაც კომპანიისთვის მომგებიანია. 

,,სოფელში თითქმის ყველამ მიიღო ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი. მე ვმუშაობ, ყოველდღე ოჯახს ყველა წევრიც გასულია საღამომდე, მცირე რაოდენობის ბუნებრივ აირს მოვიხმართ, მაგრამ გასულ თვეებთან შედარებით მეტი გადასახადი მივიღეთ. როგორ შეიძლება იმავე რაოდენობის მოხმარებულ ბუნებრივ აირზე გაორმაგებული გადასახადი გადავიხადოთ? სხვა კომპანიის მომსახურების მიღება რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად გავხდებოდით მისი აბონენტი, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან სხვა კომპანია არ არის შემოსული მუნიციპალიტეტში. იძულებულები ვართ, ბუნებრივი აირით აღარ გავთბეთ, რადგან ახლა თუ გაორმაგებულ გადასახადს გვახდევინებენ, ყინვასა და თოვლში გაცილებით მეტი მოგვიწევს, რისი საშუალებაც არ გვაქვს’’, –განუცხადა knews.ge-ს სოფელ ახაშენში მცხოვრებმა მიხეილ ბეგაშვილმა.

კომპანია „სოკარ ჯორჯია ში“ ხელოვნურად გაზრდილი გადასახადის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც knews.ge–ს კომპანიაში განუცხადეს, მოსახლეობის ბრალდება უსაფუძვლოა და თანხა მოხმარებული ბუნებრივი აირის მიხედვით დაერიცხათ. კომპანიის განმარტებით, ნებისმიერ პირს, რომელიც თვლის, რომ უკანონოდ გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევს, შეუძლია „სოკარ ჯორჯიას“ ადგილობრივ სერვისცენტრს მიმართოს ან ცხელ ხაზზე დარეკოს.

,,ბუნებრივი აირის ტარიფი აგვისტოს შემდეგ არის 57 თეთრი 1 კუბურ მეტრზე. გადასახადი არ გაზრდილა. რაც შეეხება მოსახლეობის უკმაყოფილებას, ამ შემთხვევაში თითოეულმა მოსახლემ უნდა მიმართოს ადგილობრივ სერვის ცენტრს, სადაც განიხილავენ მათ დარიცხვებს და გასცემენ ამომწურავ პასუხს. მათ, ასევე, შეუძლიათ ცხელ ხაზზე დარეკონ და მოგვაწოდონ ინფორმაცია. ცხელი ხაზის ნომერია 16144. აბონენტებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე დარეკონ მითითებულ ნომერზე 24 საათის განმავლობაში. მზად ვართ, მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია’’, – განუცხადეს knews.ge-ს კომპანიაში.