ახალი ამბები

ახმეტის მერიამ 17 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

დავით აბულაძის ინფორმაციით, კონკურსის გამოცხადების მიზეზი მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციაა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება14 იანვარს დასრულდება.

,,ვაკანსიების გამოცხადების მიზეზი არის რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. შეიქმნა ახალი განყოფილებები, გარკვეული სამსახურები გაერთიანდა, ნაწილი ცალკე გამოიყო, ზოგი ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად. სწორედ ამ ფუნქციური სახეცვლილებიდან, კანონმდებლობიდან და ასევე შტატების ცვლილებიდან გამომდინარე საჭირო გახდა აღნიშნულ პოზიციებზე ვაკანსიების გამოცხადება. ამ ეტაპზე 17 ვაკანსიაა გამოცხადებული, უახლოეს დღეებში შესაძლებელია რამდენიმე დაემატოს აღნიშნულ ჩამონათვალს. აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე თანამდებობრივი სარგო 450 ლარიდან 1500 ლარამდეა. 2018 წელს მერიაში 10 სამსახური და 12 განყოფილება იქნება. გასულ წელს გვქონდა 9 სამსახური და 7 განყოფილება. მერიაში არსებული ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე: hr.gov.ge’’, – განუცხადა knews.ge-ს დავით აბულაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განცხადების გადარჩევას, ზეპირი დავალების მომზადებასა და გასაუბრებას მოიცავს. მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად პირებს უმაღლესი განათლება და შესაბამისი მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ.