ექიმი – პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
ექიმის განმარტებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში არც დადებითი დინამიკა შეიმჩნევა და არც უარყოფითი.
“თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. არ შეიმჩნევა არც დადებითი და არც უარყოფითი დინამიკა. პაციენტის სურვილი იყო, რომ ექიმი სხვა ქვეყნიდან ჩამოსულიყო. გუშინ გვითხრა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, რომ ექიმი დღეს მოვა ჩვენს კლინიკაში, მაგრამ ის ამ დრომდე საავადმყოფოში არ მოსულა”, – განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.
ლურსმანაშვილის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადაადგილება როგორც ავტომობილით, ასევე თვითმფრინავით დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან მოწვეული ექიმი ამერიკიდან საქართველოში დღეს ჩამოფრინდა. მისივე ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს ექიმი, სავარაუდოდ, დღეს მოინაულებს.
“ჩემი შვილის მდგომარეობა ისევ უმძიმესია, მაგრამ მე მაინც მისი გადარჩენის იმედი მაქვს. ექიმი დღეს დილით უკვე საქართველოში ჩამოფრინდა. ალბათ დღეს მივა და თემირლანს მოინახულებს”, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია 26 დეკემბერს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.