ვადაგასული ან უხარისხო პესტიციდის რეალიზატორებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 იანვრიდან ამოქმედდება ნორმა, რომლის მიხედვით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს 1 წლის განმავლობაში 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
,,არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმება 4 000 ლარით არის გათვალისწინებული. ჯარიმის ოდენობა ორმაგდება აღნიშნული ქმედების წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. გარდა ამისა, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 50 ლარით, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით. ჯარიმის ორმაგი ოდენობა არის გათვალისწინებული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მითითების და რეკომენდაციის შეუსრულებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით. არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან და ბაზარზე განთავსებული ასეთი პესტიციდის ან აგროქიმიკატის ამოღებასთან დაკავშირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა – გამოიწვევს 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით’’,- განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.