კახეთის გუბერნატორი პანკისის ხეობის უხუცესებს შეხვდა
შეხვედრა გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა.
,,ხეობის უხუცესებს მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რადგან არსებობს ბევრი ვერსია და საჭირო იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციების გამო დაპირისპირება”, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ხეობის უხუცესების განცხადებით, ხეობაში ყველას სიმშვიდე სურს და შეხვედრა ამიტომ გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში 3 პირი დააკავეს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. ახალგაზრდას ნეიროქირურგიული ოპერაცია ოთხი დღის წინ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადაიყვანეს. იგი საავადმყოფოში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
„პაციენტი ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი წნევის პარამეტრებს სპეციალური მედიკამენტების საშუალებით ვუნარჩუნებთ. ყველა ტიპის გამოკვლევა ჩაუტარდა. კვლევებით ზოგიერთი პარამეტრის გაუარესება შეიმჩნევა “, – განუცხადა Knews.ge-ს ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.