ახალი ამბები

გურჯაანში საახალწლო ქალაქი გაიხსნება

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ეკა ცისკარაშვილის ინფორმაციით, წინასაახალწლო ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში ახალგაზრდული საბჭო აქტიურად არის ჩართული.

,,ღონისძებების გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იქნება სპორტული და გასართობი აქტივობებით. იგეგმება, როგორც საბავშვო გასართობი პროგრამა, ასევე კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები. ნონეშვილის ქუჩა გადაიკეტება დღეს და ხვალ. რაც შეეხება ღნისძიებებს, დაიწყება 31 დეკემბერს, 17:00 საათზე. ღონისძიებას დაასრულებს გალა კონცერტი და ფოიერვერკი.“ – განუცხადა knews.ge-ს ეკა ცისკარაშვილმა.

მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს, 17:00 საათზე, იგეგმება საბავშვო პროგრამა თოვლის პაპასთან, ანიმატორებთან, ილუზიონისტებთან. 18:00 საათზე დაიწყება ახალგაზრდული პროგრამა, გასართობი და სახალისო აქტივობებით. 19:00 საათზე ერთი საათი გაიმართება “ქართული ხმების” კონცერტი. 20:00 საათზე გაიმართება საპატიო გურჯაანელების, ასევე, 2017 წლის წარმატებულ სტუდენტებისა და საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვება. 21:00 საათზე დაუკრავს ბენდი 1/4, ხოლო 22:00 საათზე ჩატარდება ანსამბლ “ხარება”-ს ბენდის პრეზენტაცია. 23:00 საათზე ერთი საათის განმავლობაში დაუკრავს როკ ჯგუფი “ღრმა ჰორიზონტი”. სტუმრებისთვის იმღერებს ანსამბლი ,,გურჯაანი” კახურ მრავალჟამიერს. კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით. 00:30 საათზე კი დაუკრავს DJ.

,,საახალწლო ქალაქში შესაძლებლობა გექნებათ, დააგემოვნოთ ხილი და ტკბილეული. ასევე, მიირთვათ გლინტვეინი, ჩირები, ჩურჩხელები და დააგემოვნოთ კახური ტრადიციული ღვინო”, – ამბობენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მერიისვე ინფორმაციით, 31 დეკემბერს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.

,,15:00 საათიდან, ყოველ ერთ საათში მოსახლეობას მოემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივი მარშრუტით: გურჯაანი-კახიფარი, გურჯაანი-კარდენახი და გურჯაანი-კაჭრეთი”, – აცხადებენ ქალაქის მერიაში.