ახალი ამბები

მთავრობამ სოფლის განვითარების 3 წლიანი გეგმა მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მომავალი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ საკვანძო გამოწვევებთან გამკლავება. 
,,გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა გულისხმობს სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებს სოფლის განვითარების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა”, – აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება. 
სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმა მომზადდა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.  ENPARD-ის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელის თამარ ხუნწარიას განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. 
,,ENPARD-ის მეორე ფაზა მოიცავს ბევრად უფრო ფართო საკითხებს ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოციალური და მუნიციპალური სერვისები, ასევე, მოსახლეობის ჩართულობისა და მათი თანამონაწილების საკითხები. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში მიმდინარეობს 2013 წლიდან. ენპარდის მეორე ფაზა საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია,“ – განუცხადა Knews.ge-ს ხუნწარიამ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სოფლის განვითარების სტრატეგიის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა რეგიონებში გაიმართება.