შსს-ს აკადემიამ ახმეტაში დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა
შსს-ს ინფორმაციით, მსმენელებს ელექტრონული სწავლების ცენტრში შეეძლებათ, დისტანციური სწავლების კურსში მიიღონ მონაწილეობა.
აღნიშნული სწავლების კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე განმარტავს, რომ ელექტრონული სწავლების მიზანია სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.
,,მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას. სწავლების პირველი ეტაპი კახეთის რეგიონში პირველად თელავის სასწავლო ცენტრში განხორციელდა. ჯამში ელექტრონული კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 70-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მიმართულებით კი 20-ზე მეტი პოლიციელი გადამზადდა”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ელექტრონულ სწავლებას საქართველოს სულ 20 რაიონში ახორციელებს. უახლოეს მომავალში აღნიშნული სერვისის განვითარება და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.