სიღნაღის 2018 წლის ბიუჯეტით სოციალური მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა
როგორც knews.ge-ს სიღნაღის ვიცე-მერმა მადონა ბატიაშვილმა განუცხადა საბიუჯეტო სახსრებმა მოიმატა ინფრასრუქტურის მიმართულებითაც.
,,2018 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით პროექტები და ჯანდაცვა 504 ათასი ლარით დაფინანსდა. სოციალური პაკეტი 451 ათასი ლარით დაფინანსდა, რაც წინა წელთან შედარებით 50 000 ლარით მეტია. გაიზარდა იმიტომ, რომ ამ მიმართულებით იყო მოთხოვნა მოსახლეობის მიერ. ამაში შედის სამედიცინო დახმარების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯები, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებები, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება და სხვა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მიმართულებას, რომ მივუმატოთ ტრანსფერები, დაფინანსებამ 4 მილიონ 200 ათას 180 ლარი შეადგინა”, – განუცხადა Knews.ge-ს სიღნაღის ვიცე მერმა, მადონა ბატიაშვილმა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტით, რომელიც 6 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა, ასევე ადმინისტრაციული ხარჯები და მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებიც იზრდება. საკრებულოს თავმჯდომარის, ილია ხატიაშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციულმა ხარჯმა 490 900 ლარით მოიმატა, საიდანაც 189 000 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული.