პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულ ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, ბადურ ჩოფანაშვილსა და რამაზ მარგოშვილს ბრალად ედებათ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, რესურსებით უზრუნველყოფა და ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემა, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს დახმარება გაუწიეს დროებითი საცხოვრებლით, მომსახურებით და აგრეთვე უზრუნველყვეს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
„სასამართლომ, დახურულ სხდომაზე შუამდგომლობების განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, მიმდინარეობს გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დანაშაულის ხასიათის, საშიშროებისა და სხვა გარემოებების გთვალისწინებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა მიმალვის მომატებული საფრთხეები, რომელთა თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიიჩნია, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტერირიზმის ხელშეწყობის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულისთვის, ტემირლან მაჩალიკაშვილისთვის, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე ბრალი არ წაუყენებია. მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ წაუყენონ.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. ბრალდებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია სამი დღის წინ ჩაუტარდა. გუშინ ის თბილისში. ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაილურად მძიმეა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.