ახალი ამბები

ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი თელავში გაიმართება

ტურნირი 2018 წლის 10-19 აგვისტოს ჩატარდება. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობს 11 ქვეყანა, ხოლო თელავის ახალი არენა 2018 წლის დასაწყისში მზად იქნება. 
„საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ამ შეჯიბრების მასპინძლობის უფლება 2016 წლის სექტემბერში მოიპოვა. მასპინძელ არენად წარდგენილი იყო თბილისის ოლიმპიური სასახლე. მაშინ თელავში არენის მშენებლობა დაწყებული არც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა 2018 წლისთვის დასრულდება, გაჩნდა შეჯიბრების თელავში გადატანის იდეა.
საქართველოს ფედერაციამ არენის შეცვლის წინადადება 2017 წლის ნოემბერში, ვენაში გამართულ სპეციალურ სამუშაო შეხვედრაზე წამოაყენა და დაასაბუთა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ხელბურთის შემდგომი განვითარებისთვის მთელს ქვეყანაში და კერძოდ, კახეთის რეგიონში, რომელსაც მდიდარი სახელბურთო ტრადიციები გააჩნია. ვენის ოფისში იდეას ყურადღებით მოეკიდნენ და მაშინვე გადაწყდა დეკემბერში პირველი საინსპექციო ვიზიტის გამართვა. 
14 დეკემბერს თელავში ინსპექცია მოაწყო EHF საშეჯიბრო განყოფილების წევრმა, თომას განგელმა. სტუმარი დარწმუნდა, რომ ახალი არენა 2018 წლის დასაწყისისთვის მზად იქნება და ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება, 11 გუნდისა და ოფიციალური პირებისთვის ქალაქში სრულიად საკმარისი სასტუმრო ინფრასტრუქტურაა, ხოლო ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელობა საორგანიზაციო კომიტეტს ყოველგვარ თანადგომას აღუთქვამს. თომას განგელის მოხსენებას გაეცნო აღმასკომი და თელავი მასპინძელ ქალაქად დაამტკიცა.
თელავში ახალი არენის აშენება იყო ხელბურთის ფედერაციის „ოთხი ქალაქის კონცეფციის“ ნაწილი, რომლითაც ის წარდგა 2013 წელს ყატარში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე, სადაც 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მივიღეთ. სამწუხაროდ, სამი ახალი არენის აშენება 2017 წლისთვის ვერ მოხერხდა და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ თბილისმა უმასპინძლა, მაგრამ ახალი სპორტის სასახლეების მშენებლობა უკვე სრულდება ბათუმში, თელავსა და გორში“, – განაცხადეს საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში. 
როგორც knews.ge–ს თელავის სპორტულ გაერთიანებაში განუცხადეს, ქალაქის სპორტის სასახლე 2018 წლის ზაფხულში მზად იქნება ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს. 
„თელავის სპორტის სასახლის მთავარ დარბაზში 2 ათასამდე მაყურებელი დაეტევა, მცირე დარბაზში – 500. მცირე დარბაზსა და თამაზ ანთაძის არენის დარბაზს ჩემპიონატის მონაწილეები სავარჯიშოდ გამოიყენებენ“, – განუცხადეს knews.ge–ს თელავის სპორტულ გაერთიანებაში.