ახალი ამბები

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ახალი მაგისტრალი ავტოსატრანსპორტო მოძრაობას განტვირთავს და ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. 
“გურჯაანი-ბაკურციხის გზა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. აქტიურად მიმდინარეობს გურჯაანი–ბაკურციხის გზის მშენებლობა. გზის ეს მონაკვეთი 15 კილომეტრიანია. პროექტი არის ჩვენი სივრცითი მოწყობის ერთ–ერთი ნაწილი. 6 კილომეტრამდე გზა უკვე დაგებულია. აქტიურად ვახორციელებთ მონიტორინგს. ამ პროექტს სწრაფად მოვრჩებით. მოსახლეობა და ტურისტები ძალიან უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას”, – განუცხადა knews.ge–ს ზურაბ ალავიძემ. 
მისივე განცხადებით, ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, ავტოტრანსპორტი ქალაქ გურჯაანსა და 7 სოფელს აუქცევს გვერდს.
“ამ დროისათვის მიმდინარეობს, მიწის საფუძვლის, ყრილის, ბეტონის მილ-ხიდების, გზის საფუძვლის ქვედა ფენის, ასფალტ-ბეტონის მოწყობისა და ხიდის სამშენებლო სამუშაოები”, – აღნიშნა ალავიძემ. 
სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 38 მილიონი ლარია. ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების, ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.