ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები განაახლა
ვერტმფრენმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში, განახლებული რეისით, პირველი მგზავრები გადაიყვანა.
როგორც knews.ge-ს ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, თუშეთში, სოფელ ომალოში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რეგულარულად, კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეების გარდა, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.
„ვერტმფერმა ყოვლეკვირეული ფრენები განაახლა თუშეთის მიმართულებით. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებსაც სურთ ზამთარში თუშეთში წავიდნენ, უნდა მიმართონ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას ან ჩემს წარმომადგენელს თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, რათა ფრენის ზუსტი დრო შევატყობინოთ და ვიცოდეთ რამდენი ადამიანი მიდის. ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით იფრენს ყოველ ორშაბათს ან სამშაბათს. ერთ კვირას მოემსაურება მხოლოდ მოსახლეობას, ხოლო მეორე კვირას მოსახლეობა მესაზღვრეებთან ერთად იმგზავრებს“, – განუცხადა knews.ge-ს სოსო ქარუმაშვილმა.
ვერტმფერმა თუშეთში ყოველკვირეული რეისები განხორციელება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.
სოფელი ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე, მდებარეობს. საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება, ამიტომ თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.