სტატიები

გურჯაანის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ

სახელფასო ფონდი 145 000 ლარით გაიზარდა. სახელფასო ფონდის ზრდას გურჯაანის მერიაში პრემი–დანამატების გაუქმებით ხსნიან. 
„გურჯაანის მერის პირველ მოადგილეს 100 ლარით გაეზრდება ხელფასი და ექნება 1800 ლარი, მოადგილეს 1300 ლარის ნაცვლად ექნება 1700 ლარი, სამსახურის უფროსს ჰქონდა 1000 ლარი და 1500 ლარით განისაზღვრება მისი ანაზღაურება, განყოფილების უფროსს ყოველთვიური ხელფასი ჰქონდა 810 ლარი და ახალი ბიუჯეტით, 1100 ლარი ექნება, პირველი კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი 140 ლარით იზრდება და ახალი წლიდან იქნება 700 ლარი, ხოლო მეორე კატეგორიის სპეციალისტის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 530 ლარით და ახალი წლიდან იქნება 650 ლარი. რაც შეეხება საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 100 ლარით იზრდება და 1800 ლარი ხდება. 100 ლარით ეზრდებათ ხელფასები მესამე რანგის უფროს სპეციალისტებს. საკრებულოს აპარატის უფროსს 1000- ის ნაცვლად 1500 ლარი ექნება. საკრებულოს კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს 1350-ის ნაცვლად 1500 ლარი ექნებათ, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო 810 ლარის მაგიერ 1200 ლარით განისაზღვრა, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტებს 560 ლარის ნაცვლად 700 ლარი ექნებათ. კანონით, პრემია–დანამატები გაუქმდა და სახელფასო ფონდმაც ამიტომ მოიმატა. ჯამში სახელფასო ფონდი 145 000 ლარით გაიზარდა“, – განუცხადა knews.ge–ს გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ნატო გონგაძემ. 
წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა დეპუტატები გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყოველთვიური შრომის ანაზღაურების მომატებას აპროტესტებენ. საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ პრემია–დანამატების გაუქმებით გათავისუფლებული თანხა უნდა გადანაწილებულიყო სოციალურ პროექტებზე და არ უნდა გაზრდილიყო სახელფასო ფონდი. 
„კანონით პრემია–დანამატები გაუქმდა. გამოთავისუფლებული თანხით შეიძლებოდა ბევრი სოციალური პროექტი განხორციელებულიყო. ნაცვლად ამისა, სახელფასო ფონდმა მოიმატა. ხელფასების მომატების გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს მნიშვნელოვნად დიდი თანხაა, რა მდგომარეობაც არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ბევრად უფრო რელევანტური იქნებოდა, ეს თანხა დახარჯულიყო მოქალაქეების ინტერესებზე“, – განუცხადა knews.ge–ს თემურ ბუწაშვილმა. 
ბუწაშვილს გურჯაანის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის სხვა მიმართულებებითაც აქვს შენიშვნა. ოპოზიცინერი დეპუტატი მიუთითებს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი წინა წლის მტავარი საფინანსო დოკუმენტის კოპირებაა და არ არის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული. 
“ჩვენ ამ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას არ ვიღებთ, რადგან ვთვლით, რომ ეს არის 2017 წლის კოპირება. ამ ბიუჯეტში წინა წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მსგავსად იმავე მუხლებით არის გადმოტანილი. იმის ფონზე, რომ გაზრდილია მედიკამენტების ფასი, ეს არ არის ასახული ბიუჯეტში. სოციალურ პაკეტშიც არ ყოფილა ცვლილება. ჩვენ ვითხოვდით, რომ სოციალური მიმართულებით უფრო მეტი თანხა გამოყოფილიყო. 2017 წელთან შედარებით ამ მიმართულებით განსხვავებულ სიკეთეს ვერ ნახავს გურჯაანის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა“, – აღნიშნავს ბუწაშვილი. 
ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს გურჯაანის მერი. არჩილ ხანდამაშვილი თემურ ბუწაშვილს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებს და ამბობს, რომ ამჟამად გაცილებით მეტი თანხა იხარჯება მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად.
„გურჯაანის 2018 წლის ბიუჯეტი გათვლილია მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად. სოციალური მიმართულებით ბიუჯეტში თანხა გაზრდილია. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ რეგიონული განვითარების ფონდიდან გაცილებით დიდ დაფინანსებას, ვიდრე შეიძლება მოვითხოვოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვაგვაროტ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები. ნაციონალური მოძრაობის დროს ხელისუფლბას ეს ნაკლებად აინტერესებდა“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას არჩილ ხანდამაშვილი. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 786 000 ლარით განისაზღვრა.