როგორ უნდა მოგვარდეს სკოლებში ბულინგის პრობლემა?
ექსპერტები ამბობენ, რომ უპირველეს ყოვლისა სკოლამ უნდა აღიაროს აღნიშნული პრობლემის არსებობა და მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად დაიწყოს მის მოგვარებაზე აქტიური მუშაობა. ისინი ფიქრობენ, რომ პირველად უნდა დადგინდეს პრობლემის მასშტაბი.
ქალაქ თელავის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა გარჯიკაული მოსწავლეების მასწავლებლებისა და თანატოლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად აუცილებელია ქმედითი ღონისძიებების გატარება.
,,პირველად უნდა დადგინდეს სკოლაში ძალადობისა და ბულინგის პრობლემის მასშტაბი. ეს შეიძლება განხორციელდეს მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ანონიმური გამოკითხვით – ჰქონიათ თუ არა სკოლაში პრობლემები, იცნობენ ვინმეს, ვისაც აქვს პრობლემები სკოლაში, ხომ არა აქვთ დაუცველობის განცდა. რას გრძნობს მოზარდი, რომელიც ესწრება 6-7 გაკვეთილს, მასწავლებლის ზედამხედველობის ქვეშ, სადაც მას უწერენ ნიშნებს, აქვს რთული ურთიერთობები მეგობრებთან და მასწავლებლებთან. შემდეგ მოდის სახლში, სადაც ასევე მშობლების ზედამხედველობის ქვეშ უწევს ყოფნა. მიდის რეპეტიტორთან, მეცადინეობს სახლში, მუსიკაზე, ცეკვაზე, სხვადასხვა წრეებზე. რამდენ დროს ხარჯავს მოზარდი ზედამხედველობის ქვეშ ყოფნასა და მეცადინეობაში? შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი რეჟიმი და ის იყოს ბედნიერი? მეჩვენება რომ ჩვენი ბავშვები ზედმეტად გადატვირთულები არიან ზრუნვის, სწავლაში დახარჯული დროისა და ზედმეტი ზედამხედველობის გამო, ამიტომ მათ სძულთ სკოლა, როგორც ამ ყველა ,,უბედურების” წყარო. ბავშვებს მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები არ უყვართ, მეგობრებთან კონფლიქტი აქვთ, რადგან ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს. აუცილებელია მოზარდს თავისუფალი დრო ,,შევუვსოთ”, ენერგია ,,დავახარჯვინოთ” და პრაქტიკულად ვუქმნით დაძაბულ ყოველდღიურ რუტინას და გვგონია, რომ ასე უფრო ბედნიერ მომავალს შევუქმნით ბავშვებს. ეს მოსაზრება მცდარია და ამაზე უნდა ვთქვათ უარი’’,– განუცხადა knews.ge–ს ნანა გარჯიკაულმა.
სკოლაში ბულინგის პრობლემას ეხმაურება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის კოორდინატორი. ზეინაბ კაკალაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლაში ბულინგმს შესაძლოა მოსწავლებში მკვეთრად ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. მისივე განმარტებით, ბულინგი ხდება ყველგან – სკოლის ეზოში, ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებისკენ მიმავალ გზაზე და, განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, სადაც მოსწავლეების კონტროლი რთულია.
,,ბავშვი, რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი და მის მიმართ თუნდაც მშობლები იყენებენ ძალადობრივ მეთოდებს, იმასვე იმეორებს სხვა სივრცეში. დასჯა ამ შემთხვევაში ვერ იქნება გამოსავალი. პრობლემა არის ის, რომ ბავშვები ბულინგს ხედავენ ტელევიზორში, ინტერნეტით-როგორც ფილმებით ასევე მულტფილმებით ეს კი მათთვის მისაღებია. საჭიროდ მიმაჩნია ,რომ მშობლებმა ადრეულ ასაკშივე გაიგონ საკუთარი შვილის ინტერესები, რადგან ბავშვის ფსიკიქა ადვილად სამართავია და მშობელს საშუალება ექნება, თავიდან აიცილოს შემდგომში ამგვარი მავნე დამოკიდებულება. შესაბამისად მიღებულია ასეთი აგრესიული და ჩაგვრასა და ღირსების შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ქცევა. ამის წინააღმდეგ კი ადამიანები ხმას მანამ არ იმაღლებენ, სანამ ეს პრობლემა თავად არ შეეხებათ. ბულინგის მთავარი მიზეზები მაინც სოციალური მდგომარეობაა. აგრესორ ბავშვს სიღარიბის შიში აქვს, ამიტომაც სოციალურად დაუცველის დაცინვით, თითქოს თავს იცავს. როდესაც მოსწავლე ვიყავი, ზუსტად იმავე რაოდენობის გაკვეთილი გვქონდა, რაც ამჟამად არის, მაგრა ასეთი აგრესია არ იყო მოსწავლეებში.რაც შეეხება თავისუფალ დროის პრობლემას, ეს უფრო დროის არასწორი განაწილების ბრალია’’, – განუცხადა Knews.ge-ს ზეინაბ კაკალაშვილმა.
მოსწავლეების მშობლები ფიქრობენ, რომ პრობლემიდან ერთ–ერთი გამოსავალი სკოლებში ძალადობის თემაზე და მის მკვეთარად ნეგატიურ შედეგებზე მოსწავლეების ინფორმირებაა.
,,სკოლებში აქტიურად უნდა ისწავლებოდეს სამოქალაქო განათლება. ასევე მოსწავლეებს აქტიურად უნდა უტარდებოდეთ ტრენინგები და მათ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ბულინგზე, ძალადობასა და მის უმძიმეს შედეგებზე. მოსწავლეები უმეტეს დროს სკოლაში ატარებენ და მშობლები უნდა ინტერესდებოდნენ, იქ რა ხდება და რა გარემოში არიან ბავშვები. ხშირად ბულინგს ადგილი აქვს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან, რასაც შემდეგ ბავშვი მძიმე შედეგებამდე მიყავს’’,– ამბობენ მოსწავლეების მშობლები.