„პანკისში ახმეტ ჩატაევის ცხედრის გადმოსვენებას არ ვითხოვთ“
ზაურ გუმაშვილი, ასევე, ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პანკისის ხეობის უხუცესებს ჩატაევის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებთან ჰქონდათ კომუნიკაცია. გუმაშვილის მტკიცებით, ეს ინფორმაციაც არასწორია.
„პანკისის ხეობაში ახმეტ ჩატაევის გადმოსვენებას არ ვითხოვთ. ეს არასაწორი ინფორმაციაა. პანკისის ხეობის მაცხოვრებლებისგან მსგავსი ინფორმაცია არ მომისმენია. პანკისში ჩატაევის ხსენებაც კი არ არის. ასევე დეზინფორმაციაა ისიც, რომ თითქოს პანკისის ხეობის უხუცესებს ხელისუფლებასთან გვქონდა კომუნიკაცია ჩატაევის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით“, – განუცხადა knews.ge–ს ზაურ გუმაშვილმა.
18 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობის მაცხოვრებლების განცხადებით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული ახმედ ჩატაევის ცხედარს პანკისის ხეობაში დაკრძალავენ, თუმცა, ზუსტი დრო მათთვის უცნობია.
“ახმედ ჩატაევის ცხედრის გადმოცემას პანკისში ყოველდღე ველოდებით. ხეობა მზად არის ყველა წესის დაცვით მოხდეს ჩატაევის ცხედრის დაკრძალვა. ვფიქრობ, ეს ახალ წლამდე მოხდება ეს. როგორც ვიცი, უხუცესებს სხვადასხვა უწყებებთან აქვთ კომუნიკაცია. ცხედრის გადმოცემა კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გაჭიანურდა, რადგან ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლაფანყურის სპეცოპერაცის დროს ლიკვიდირებული ბაჰაუდინ ალდამოვის მამამ, ასულიდან ალდამოვმა.