სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს განახლდება
,,რესურსი, რომელიც მსოფლის მხარდამჭერ პროგრამაზე იყო მიმართული, ძალიან ხშირ შემთხვევაში იხარჯებოდა რეზულტატის გარეშე. ძალიან მცირე პროექტებს ხმარდებოდა და რეალურად ნამდვილად ვერ ხერხდებოდა სოფლებში არსებული პრობლემების გადაწყვეტა. მთლიანობაში რეგიონული პროექტების დაფინანსება საერთო ჯამში არის გაზრდილი და ის რესურსი, რაც ამ პროგრამაში იხარჯებოდა, გადავანაწილეთ სხვა პროექტებში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მჭიდროდ შესაბამის კომიტეტებთან, რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამზადებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ახალ მოდელს”,– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად იღებდნენ გარკვეული რაოდენობის თანხას, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ნაწილდებოდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი ამბობენ, რომ სოფლის პროგრამა გაერთიანდა რეგიონალურ ფონდებთან და მუნიციპალიტეტები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში.
,,გამგეობებს მოუწევთ უნდა მოითხოვონ თანხა და დაასაბუთონ მისი საჭიროება, რომლისთვისაც გარკვეული პროცედურის გავლა მოუწევთ. პროგრამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმმართველი ერთეულები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება”, – განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა.
მოსახლეობის აზრით, სოფლების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის მხრივ პროგრამა სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია. ისინი აღნიშნავენ, რომ პროგრამის გაუქმებამ მათში ნიჰილიზმი გამოიწვია.
,,პროგრამები, რომლებიც სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს, არ უნდა გაუქმდეს. ეს პროგრამა გარკვეულწილად ეფექტური იყო, სოფლებში პრობლემები გვარდებოდა, ცენტრალურ გზებზე განათებები გაკეთდა, ბუნკერები დაიდგა, ბაღები გარემონტდა, წყლისა და გზების პრობლემებიც ნაწილობრივ მოგვარდა. ხალხის ინტერესი უფრო მეტად რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, აქამდე უფრო მეტი საქმე იქნებოდა გაკეთებული. ეხლა მითუმეტეს, საერთოდ აღარაფერი აღარ გაკეთდება, რაც უარყოფითად აისახება ყველა მაცხოვრებელზე“, – აცხადებს მანანა გრძელიშვილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა, მიმდინდარე წელს გაუქმდა.