წნორში სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ გაიხსნება
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ პროექტმა, საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში გაიმარჯვა. ბანკმა პროექტი 39 ათასი ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა.
როგორც knews.ge–ს ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივის“ თანადამფუძნებელმა, ნანა ბაგალიშვილმა განუცხადა, სოციალური საწარმოში გაერთიანებულია საცხობი და საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც 4 პირი, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარია დასაქმებული.
მისივე ინფორმაციით, სოციალურ საწარმოში მოეწყობა შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები და სხვადასხვა სოციალური აქტივობა, რომელიც წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება განკუთვნილი.
„პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სამზარეულო, რომელიც აღიჭურვა სპეციალური დანადგარებით, მძლავრი ღუმელებით, რაც პარალელურ რეჟიმში შესაძლებელს ხდის, ერთდროულად დამზადდეს რამდენიმე სახეობის პროდუქტი. გარდა ამისა, დაფინანსებული თანხით შევიძინეთ ე.წ სკუტერი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი პროდუქციის ადგილზე მიტანა. სოციალური საწარმოში გაერთიანებულია საგანმანათლებლო სივრცეც, სადაც დაიგეგმება კულტურულ–საგანმანათლებლო აქტივობები. სოციალური საწარმოს შემოსავალი მთლიანად გადანაწილდება დასაქმებული თანამშრომლების ხელფასებზე, კომუნალურ გადასახადებზე და დანარჩენი მოხმარდება მის სოციალურ მისიას: „ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობას სიღნაღის მუნიციპალიტეტში და ახალგაზრდული სარეზერვო ბანკის შექმნას”, ასევე, წნორის მოსახლეობის სოციალურ აქტივობებში ჩართვას და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება. შემოსავლებით დაფინანსდება ახალგაზრდების იდეებიც. მცირეწლოვანი სტუმრებისთვის ვგეგმავთ ზღაპრების კითხვის საღამოებსაც“, – განუცხადა knews.ge–ს ნანა ბაგალიშვილმა.
საქართველოს ბანკმა გასულ წელს, ჯამში, 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა. დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.