ვიდეორეპორტაჟისტატიები

თელავში პირველი რეგიონული ჰაბი გაიხსნა

კახეთის  რეგიონული „ჰაბი“ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში 3 წლის განმავლობაში იმუშავებს ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ 9 რეგიონში.

კახეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაციას, რომელიც ტურისტულ კომპლექს „მოსმიერში“ ჩატარდა,  ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის 70 ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო .

ჰაბის მუშაობას კოორდინირებას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“ გაუწევს. ორგანიზაციის დირექტორის, მაია მამულაშვილის ინფორმაციით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

“ჰაბის მთავარი დანიშნულება იქნება ის, რომ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, მოხალისეები, ახალგაზრდები, მაქსიმალურად ჩართოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ითანამშრომლოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და მედიასთან. ამ ერთობლივი ქმედებებით საბოლოო ჯამში გვსურს ვიხილოთ უფრო აქტიური სამოქალაქო საზოგადოება კახეთის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის არსამთავრობო სექტორის ინსტიტუციურ და ფინანსურ გაძლიერებასაც”, – განუცხადა knews.ge–ს მაია მამულაშვილმა.
კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნანა ათუაშვილი ფიქრობს, რომ რეგიონული ჰაბი ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებულ მუშაობას.

“ჰაბი პირველად შექმნის იმის პრეცენდენტს, რომ იყოს უფრო კოორდინირებული მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ვფიქრობ, რომ უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საჭირობების კვლევა. კვლევაზე დაფუძნებით გაკეთდეს ორგანიზაციების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა ორგანიზაციის, როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ქსელში განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაერთიანება ჰაბი, რომლის ქოლგის ქვეშაც გაერთიანდება ძალიან ბევრი ორგანიზაცია, იმუშავებს მთავრობასთან, ბიზნესსექტორთან და მედიასთან”, – განუცხადა knews.ge–ს ნანა ათუაშვილმა.
რეგიონული ჰაბის მნიშვნელობაზე საუბრობენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც. ისინი ამბობენ, რომ კახეთის რეგიონული ჰაბი მისცემს შესაძლებლობას მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობას და არასამთავრობო სექტორს ერთმანეთთან ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა.
“ჩვენ გვექნება ურთიერთობა კახეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოსახლეობასთან. სამკუთხედი, რომელიც შეიქმნება რეგიონულ ჰაბთან მიმართებაში: მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი თვითმმართველობა, მომავალში ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებით უზრუნველყოფილი იქნება უფრო მეტი გამჭვირვალობა და კოორდინაცია. ეს სამკუთხედი იქნება , ჩემი აზრით, დედოფლისწყაროს მომავლის განმსაზღვრელიც, თუნდაც ბიუჯეტის დაგეგმვის და განხორციელებული პროექტების ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს Knews.ge–სთან საუბრისას დედოფლისწყაროს მერის მოადგილე, მალხაზ მერაბიშვილი.

„ვფიქრობ, რომ ჰაბი იქნება საინფორმაციო ბაზა იმისთვის, რომ ურთიერთკავშირი გვქონდეს მუნიციპალიტეტებს, გავიზიაროთ გარკვეული გამოცდილება, ასევე, შეიძლება ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელებაც. შეიძლება ძალიან ბევრი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და, რაც მთავარია, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იმისთვის, რომ სამოქალაქო სექტორს და მოქალაქეებს ჰქონდეს კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მნიშვნელოვანია, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის გარკვეული პროექტის დაგეგმვის დროს ადგილობრივი თვითმმართველობებიც იყვნენ ჩართულები და ერთგვარად შეჯერდეს სტრატეგიული ხედვა და ერთობლივად განისაზღვროს ის მიმართულებებიც, რაშიც ადგილობრივი თვითმმართველობა და არასამთავრობო სექტორი შეჯერებული და უფრო მეტ შედეგზე იქნება ორიენტირებული”, – განუცხადა knews.ge–ს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციებმა, პროექტის ფარგლებში, შეძლონ არსებული რესურსის ღირებულად გამოყენება. რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ამ სამი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფინანსური მხარდაჭერა არ იყოს მოკლევადიანი“, – განუცხადა knews.ge–ს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ კოორდინატორმა, ბარბარე ოქროპირიძემ.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.