თელავში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთის ორგანიზებით ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მაყურებელს საშუალება ექნება, იხილოს დოკუმენტური ფილმები უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერონაჟებით.
,,თელავი უერთდება დოკუმენტური ფილმების ფესტივალს. მეცია ცენტრი კახეთი ხვალ ორი ფილმის ჩვენებას გამართავს. ფესტივალი თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმით: ,,მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე’’ გაიხსნება. ფილმი ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრებას. ომის შემდეგ ადგილობრივები იგებენ, რომ ახლად ჩამოყალიბებული (არაღიარებული) სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ცხოვრობენ. მათი ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, სანამ რუსეთმა საზღვარზე მავთულხლართების გავლება არ გადაწყვიტა. მოულოდნელად მეზობლები და ოჯახის წევრები მავთულხლართების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. ეს დოკუმენტური ფილმი ასახავს ადგილობრივების ახალ მდგომარეობას. ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ რუს მესაზღვრეებს და ღობეზე ძვრებიან, რათა ერთმანეთს დაეხმარონ მოსავლის აღებაში ან გაცვალონ სხვადასხვა საქონელი. მეორე ფილმი, ,,სონიტა”, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება, ირანელი ქალი რეჟისორის, როხსარე გემ მაგამის მიერ არის გადაღებული. ფილმის მთავარი გმირია 15 წლის ავღანელი სონიტა. იგი იმ ათასობით ავღანელი გოგოს ისტორიას გვიყვება, რომელთაც ოჯახები ან ძმები ფულის მიღების სანაცვლოდ ძალდატანებით აქორწინებენ. სონიტას ამბავი შეგვახსენებს, რომ არის ათასობით გოგო, რომელთა ბავშვობა ნაადრევად სრულდება და რომელთაც საკუთარი ოცნებების ახდენის საშუალებას არ აძლევენ”, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა. კინოფესტივალი, რომელიც საქართველოში 5 წლის წინ დაფუძნდა, იმართება ევროკავშირის პროექტის “კრეატიული ევროპა” მხარდაჭერით.