დედოფლისწყაროს მერის ჯიპის შესაძენად ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო
მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილი „ჯიპის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო. როგორც knews.ge–ს ჯანიაშვილმა განუცხადა, „ჯიპს“ იძულებით ყიდულობს, რადგან ძველი ავტომობილი ამორტიზებულ მდგომარეობაშია და მუდმივად საჭიროა მისი შეკეთება.
„ის მანქანა, რომელიც მერიას ემსახურება, მანქანის ძრავი დაზიანებულია და მისი შეცვლისთვის საკმაოდ დიდი თანხაა საჭიროა. ამავე დროს არ არის იმის გარანტია, რომ ისევ არ დაზიანდება. სამი კვირაა უმანქანოდ დავდივარ. საკმაოდ ძველი მანქანაა. ბოლო წლებში საკმაოდ სოლიდური ტანხა იხარჯებოდა რემონტისთვის. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბალანსზეა ერთი ჟიგულის მარკის ვატომობილი, სამი ნივაა და ერთი დაზიანებული ოპელია, რომლებიც შესაბამის სამსახურებს ემსახურებიან“, – განუცხადა knews.ge–ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „ჯიპის“ შესყიდვისთვის ტენდერი გუშინ გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 16 დეკემბერს დაიწყება და 19 დეკემბერს, 16:30 საათზე, დასრულდება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 65% მიიღო. ჯანიაშვილი უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 13 ნოემბერს შეუდგა. 2014 წლის ივნისიდან ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.