კახეთში მოქმედმა ადვოკატებმა თელავში აქცია გამართეს
ისინი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებს გამოეხმაურნენ. ადვოკატთა ასოციაციის კახეთის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნებში, რომელიც ჩატარდა სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, გაიმარჯვა დავით ასათიანმა. მათივე მტკიცებით, ასათიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილე ადვოკატების 51%-ის მხარდაჭერა და მეორე ტურის ჩატარება საჭირო აღარ არის.
“კახეთის დავოკატები ვითხოვთ, აღარ ჩატარდეს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური, რადგან დავით ასათიანი უკვე გამარჯვებულია. საარჩევნო პროცესი გაიმართა სრულიად გამჭვირვალედ. წინა დღისით საარჩევნო ბიულეტენები დაამოწმა ყველა კანდიდატმა თავისი ბეჭდით. საარჩევნო პროცესს უამრავი დამკვირვებელი აკვირდებოდა, სპორტის სასახლის დაცვა იცავდა საარჩევნო ყუთებს. საუბარი იყო არჩევნების გაყალბებაზე, თუმცა მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ ეს იყო პროვოკაციები. დავით ასათიანის გუნდს არ სჭირდებოდა ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების გაყალბება, რადგან მან არჩევნები 500 ხმით მოიგო და ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა. არჩევნების შედეგები უნდა აღიაროს წაგებულმა ყველა კანდიდატმა. საუბარი არჩევნების გაყალბებაზე ემსახურება ადვოკატთა ასოციაციის თვითმმართველობის დისკრედიტაციას”, – განუცხადა knews.ge-ს ადვოკატთა ასოციაციის კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დავით ახალაური.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი მეორე ტურს არ ეთანხმება და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. ლევან ჯანაშიას განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და გაყალბების ამსახველი ფაქტები ტელეკამერებმაც დააფიქსირა.
მისი თქმით, დაფიქსირებულია, რომ კომისიის წევრს უკავია ყალბი ბიულეტენები, რომლებშიც დავით ასათიანია შემოხაზული. გარდა ამისა, გაყალბებული ბიულეტენები ჩანთაში აღმოუჩინეს კომისიის მეორე წევრსაც.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გუშინ გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. დავით ასათიანის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის, რომელსაც 632-მა ადვოკატმა დაუჭირა მხარი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში, დავით ასათიანისა და ლევან ჯანაშიას გარდა, 10 კანდიდატი მონაწილეობდა.
ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი დაინიშნება თუ არა მეორე ტური თავმჯდომარის ასარჩევად. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იქნება მეორე ტური, მასში მონაწილეობას მიიღებენ პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები.